სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადებიდან 92-ე და პატრიარქად აღსაყდრებიდან 47-ე წლისადმი მიძღვნილი სტუდენტური ღონისძიება

20 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის დაბადებიდან 92-ე და პატრიარქად აღსაყდრებიდან 47-ე წლისადმი მიძღვნილი სტუდენტური ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.
 სამეცნიერო ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიმართ და აღნიშნა მისი განუსაზღვრელი როლი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დაარსების საქმეში.
„უწმინდესსა და უნეტარესს სურდა საქართველოში სასულიერო აკადემიის დაარსება, რათა ჩვენს ეკლესიაში ღვთისმსახურება განსწავლულ სასულიერო პირებს აღევლინათ. ეს ჩანაფიქრი კი მისი უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტის წყალობით განხორციელდა. ერის სულიერი ცხოვრება სასულიერო აკადემიიდან უნდა იწყებოდეს, ამიტომ ჩვენს სასწავლებელს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია ქვეყნის წინაშე. გულითად მადლობას გიხდით ჩვენი პატრიარქისადმი გამოვლენილი ასეთი პატივისცემისა და ერთგულების გამო, ზოგადად, ამ აკადემიური გარემოს გამო, რომლის შექმნაც შეუძლებელი იქნებოდა თითოეული თქვენგანის ძალისხმევის გარეშე. უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის თავდადებული შრომითა და ლოცვით შემობრუნდა რწმენისაკენ ათეისტური ეპოქის იდეოლოგიის შედეგად ეკლესიისაგან განდგომილი ქართველი ხალხი. ეს ბრძოლა ადვილი არ ყოფილა, ეს იყო ტანჯვისა და მოწამეობის გზა, რომელიც პატრიარქმა უფლის შემწეობით პირნათლად განვლო. იგი ხანდაზმულია, მაგრამ აქვს უაღრესად ნათელი გონება და დიდი სიბრძნით, სულიერებითა და სიყვარულით ღირსეულად მართავს ეკლესიას, “ - ბრძანა რექტორმა.
სამეცნიერო ღონისძიებაზე მოხსენებებით წარდგნენ და არსებული ლიტერატურის შესწავლის საფუძველზე პატრიარქის მოღვაწეობის სხვადასხვა მხარე წარმოაჩინეს სემინარიის I კურსის სტუდენტებმა:
 
1. გიორგი კაპანაძე - პატრიარქის აღსაყდრება
2. გიორგი არათანაშვილი - პირველი მამამთავრული ნაბიჯები
3. ბუხუტი კაციაშვილი - მეცნიერება და განათლება
4. ალექსანდრე ღირსიაშვილი - პატრიარქი და გალობა
5. გიორგი წიქარიშვილი - სამების საკათედრო ტაძარი
6. მონაზონი გაბრიელი (კოპაძე) - ახალი ეპარქია
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მოღვაწე სასულიერო პირები, პედაგოგები და სტუდენტები. საზოგადოების წინაშე სიტყვით წარდგა თსას გამომცემლობის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნინო მელიქიშვილი, რომელმაც განსაკუთრებული მოწიწება და მადლიერება გამოხატა უწმინდესისა და უნეტარესისადმი.
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ საგანგებო მადლობა გადაუხადა პროფესორ სერგო ვარდოსანიძესა და სტუდენტებს გაწეული შრომისათვის, რითაც კიდევ ერთხელ წარმოჩინდა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ღვაწლი და ჩვენი სასწავლებლის მადლიერება მის მიმართ. რექტორმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ბატონი სერგო ვარდოსანიძის დიდი პიროვნული როლი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წინსვლის საქმეში. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის თანამშრომლებსა და დამსწრე საზოგადოებას.  

ღონისძიებაზე რამდენიმე საგალობელი შეასრულა თბილისის სასულიერო აკადემიის მგალობელთა გუნდმა ლექსო გრემელაშვილის ხელმძღვანელობით.
altalt
20.12.2024

FaceBook გვერდი