წმინდა ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრულიდან
400 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
2024 წლის 23 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და
სემინარიაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის
ლოცვა -კურთხევით, წმინდა ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრულიდან
400 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
გაიმართა.
კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა თბილისის სასულიერო
აკადემიისა და სემინარის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროტოპრესვიტერმა
გიორგი ზვიადაძემ. მან ისაუბრა წმინდა ქეთევან დედოფლის ღვაწლისა
და მისი მოწამებრივი აღსასრულის მნიშვნელობაზე.
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ აღნიშნა, რომ, სრულიად
კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, თბილისის
სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში უდიდესი ღირსებით
აღინიშნება და შეისწავლება ქართველ წმინდანთა
ცხოვრებისა და მოწამეობის ისტორია; აკადემია არის მეცნიერული აზრის
მოძრაობის ასპარეზი, საიმედო დასაყრდენი მარადიული სულიერი
ღირებულების პატივისცემისა და ერთგულებისა.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ: მანგლისისა და თეთრიწყაროს
მიტროპოლიტი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი ანანია (ჯაფარიძე), მისი
მოხსენების თემა იყო - „XVII საუკუნის საქართველო და ქეთევან დედოფლის
თავგანწირვა“. მეუფე ანანიამ ყურადღება გაამახვილა იმის შესახებ, თუ
რამდენად რთულ ეპოქაში მოუწია ქეთევან დედოფალს მოღვაწეობა და
რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის სიმტკიცესა და თავგანწირვას
ჩვენი ქვეყნისთვის.
საქართველოს ისტორიის კათედრის გამგემ, ისტორიის მეცნიერებათა და
თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ ვრცლად ისაუბრა
1624 წლის 13 სექტემბერს (ძვ. სტილით) შირაზში ნაწამები
დედოფლის ღვაწლსა და მოწამებრივი თავდადების სახელმწიფოებრივ და
სარწმუნოებრივ შინაარსზე და განიხილა ქართულ და უცხოურ
წყაროებსა და ისტორიოგრაფიაშია დაცული საგულისხმო ცნობები
წმინდა მოწამე დედოფლის შესახებ.
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგემ, ფილოლოგიის
მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ლელა ხაჩიძემ ისაუბრა წმინდა
ქეთევან დედოფალის სახეზე ქართულ მწერლობაში.
წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფლის აღმსარებლობის საკითხებთან
დაკავშირებით, საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარდგა ისტორიის
მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის
აკადემიკოსი ელდარ ბუბულაშვილი.
კონფერენციას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის სამეცნიერო საბჭოს წევრები, პედაგოგები, სტუდენტები,
მოწვეული სტუმრები.