25 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და
სემინარიაში თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა გიორგი
გაბუნიამ დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე: „ტერმინ ღვთისმშობლის
(Θεοτόκος) ისტორია”.
ნაშრომის ხელმძღვანელია ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი,
პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ედიშერ
ჭელიძე. რეცენზენტი - თეოლოგიის დოქტორი, მღვდელი იოანე ბონდარენკო.
ენობრივი შეფასება ეკუთვნის ფილოლოგიის დოქტორ ქეთევან
გვაზავას.
შეკრებილთ მისასალმებელი სიტყვით მიმართა და დღის წესრიგი
გააცნო აკადემიის დეკანმა, დეკანოზმა იოანე კვანჭიანმა.
სხდომას თავმჯდომარეობდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის რექტორი, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის
მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი
ზვიადაძე.
დიპლომანტმა კომისიასა და დამსწრე საზოგადოებას სამაგისტრო
ნაშრომის ძირითადი დებულებები გააცნო. აღნიშნა, რომ საკვალიფიკაციო
ნაშრომში, რომელიც შესავლის, ორი ძირითადი ნაწილისა და დასკვნისაგან
შედგება, განხილულია წმინდა მამათა სწავლებების მიხედვით ტერმინის
,,ღვთისმშობელი“ (Θεοτόκος) საღვთისმეტყველო გააზრებასთან
დაკავშირებული საკითხები.
შეკრებილთ სიტყვით მიმართა სამაგისტრო ნაშრომის
ხელმძღვანელმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ედიშერ
ჭელიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ დიპლომანტმა ნაშრომზე მუშაობის
პროცესში მოიძია და შეაგროვა თემასთან დაკავშირებული ყველა წყარო და
სამეცნიერო მასალა. ბატონმა ედიშერ ჭელიძემ ასევე ხაზი გაუსვა
ნაშრომის აქტუალობას როგორც თეოლოგიური , ისე ფილოლოგიური
თვალსაზრისით.
სამაგისტრო ნაშრომი დადებითად შეაფასა რეცენზენტმა,
თეოლოგიის დოქტორმა მღვდელმა იოანე ბონდარენკომ. მამა იოანე
ბონდარენკომ აღნიშნა, რომ ბატონმა გიორგი გაბუნიამ მრავალი ბერძნული
ტექსტი ქართულად თარგმნა, რაც მაგისტრანტის ნიჭიერებასა და
შრომისმოყვარეობას წარმოაჩენს. რეცენზენტმა ასევე განმარტა, რომ ის
შენიშვნები, რაც გამოთქმული იყო დიპლომანტის მიმართ, წინამდებარე
ნაშრომში გათვალისწინებულია.
გიორგი გაბუნიამ ამომწურავად უპასუხა კომისიის
თავმჯდომარის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძისა და კომისიის წევრების
მიერ დასმულ შეკითხვებს.
სამაგისტრო ნაშრომთან დაკავშირებით საყურადღებო მოსაზრებები და
დადებითი შეფასებები გამოთქვეს ფილოსოფიის მაგისტრმა და ისტორიის
დოქტორმა, დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა
დოქტორმა, პროფესორმა გვანცა კოპლატაძემ და ფილოლოგიის მეცნიერებათა
დოქტორმა ქეთევან გვაზავამ.
სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიამ, თსას-ის რექტორის,
პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის თავმჯდომარეობით, უმაღლესი ქულით
შეაფასა გიორგი გაბუნიას ნაშრომი და მას ერთხმად მიენიჭა თეოლოგიის
მაგისტრის ხარისხი.