სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები: სემინარიის დეკანი,
თეოლოგიის მაგისტრი, მღვდელი გიორგი ვაშალომიძე, ბიბლეისტიკის
კათედრის ხელმძღვანელი, ისტორიისა და თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი
გიორგი გუგუშვილი, ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი ბიძინა
გუნია, თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია, ისტორიის დოქტორი დურმიშხან
ლაშხი, ასევე, აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი სასწავლო დარგში,
ისტორიის დოქტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, თეოლოგიის დოქტორი,
არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი) და სასწავლებლის
პროფესორ-მასწავლებლები.
სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა და დამსწრეთ დღის წესრიგი გააცნო
მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ.
დიპლომანტმა ისაუბრა ნაშრომის ძირითადი დებულებების შესახებ. მან
წარმოადგინა ძველი აღთქმიდან ამონარიდები, რომელთა შინაარსში
ნათლისღების წინასახე იკვეთება, ასევე, მოიხმო შესაბამისი მუხლების
განმარტებები წმ. მამათა ნაშრომებიდან.
როგორც ნაშრომის ხელმძღვანელმა და ექსპერტმა აღნიშნეს,
დიპლომანტმა უდიდესი შრომა გასწია, ნათლად წარმოაჩინა ნათლისღების
საიდუმლოს სულიერი ძალმოსილება და ნათლისღება-განცხადებასთან
დაკავშირებული ლიტურგიკული საკითხავები, რუსულიდან თარგმნა და
დაიმოწმა არაერთი შესაბამისი შინაარსის საღვთისმეტყველო ტექსტი.
კომისიამ საბაკალავრო ნაშრომი უმაღლესი ქულით შეაფასა.