სამეცნიერო კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა და დამსწრე
საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის
მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
,,დღევანდელი კონფერენცია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის
მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის - ილია
II-ის ლოცვა-კურთხევით იმართება. ყველაზე მეტად სასულიერო აკადემიისა
და სემინარიის წიაღში უნდა იყოს გაცნობიერებული, თუ რა არის
ავტოკეფალია, რამხელა დანაკლისი იყო მისი დაკარგვა და რამხელა
მონაპოვარი - მისი კვლავ აღდგენა. ჩვენ უდიდეს მოწიწებასა და
მადლიერებას გამოვხატავთ ჩვენი დიდი წინაპრების მიმართ, იმ მოწინავე
ინტელიგენციის, სასულიერო პირების, მეცნიერებისა და საზოგადო
მოღვაწეების მიმართ, ვისი თავდაუზოგავი ბრძოლითა და ღვაწლითაც კვლავ
დავიბრუნეთ უკანონოდ ჩამორთმეული ავტოკეფალია. თუმცა ეს არ იყო
საბოლოოდ მოგებული ბრძოლა, რადგან ამას არ ცნობდნენ ადგილობრივი
მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები. უწმინდესსა და უნეტარეს ილია
II-ს კიდევ დიდი ძალისხმევა და თანმიმდევრული ბრძოლა დასჭირდა, რათა
საქართველოს ეკლესიის პატივი სრულფასოვნად აღედგინა. 1990 წლის 4
მარტს კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა,
ყოვლადუწმინდესმა დიმიტრიოსმა უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ორი
საბუთი გადასცა. ერთი მათგანი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი
ეკლესიის ავტოკეფალიას ადასტურებდა, ხოლო მეორე - ცნობდა საქართველოს
უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო ტიტულს“, -
ბრძანა რექტორმა.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ: მანგლისისა და თეთრიწყაროს
მიტროპოლიტი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი ანანია (ჯაფარიძე),
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა
აკადემიის აკადემიკოსი ელდარ ბუბულაშვილი და საქართველოს ისტორიის
კათედრის ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი,
პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.
მეუფე ანანიას მოხსენების თემა იყო „საქართველოს მართლმადიდებელი
სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია“.
მეუფემ საუბარი მარტყოფის ბრძოლის გახსენებით დაიწყო, აღნიშნა,
რომ 25 მარტს სრულდება 400 წელი ქართველთა ამ თავდადებიდან და პატივი
მიაგო მარტყოფის გმირებს. მიტროპოლიტმა ანანიამ აქცენტები გააკეთა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის ძირითად
მომენტებზე, ისაუბრა იმ ეპოქის საეკლესიო მაღალიერარქების დიდ
ღვაწლზე, რამაც საბოლოოდ მოიტანა სანუკვარი შედეგი - ავტოკეფალიის
აღდგენა.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, გელათის
მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ელდარ ბუბულაშვილმა ისაუბრა
თემაზე - „საეგზარქოსო მმართველობა“. მომხსენებელმა მიმოიხილა ის
ეპოქა, რაც წინ უძღოდა ავტოკეფალიის დაკარგვას და ვრცლად შეეხო
ეგზარქოსთა მმართველობის პერიოდს ჩვენს ქვეყანაში. ასევე, ისაუბრა
ავტოკეფალიის აღდგენისათვის მებრძოლ მოღვაწეებზე.
„ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის სასულიერო პირებთან ერთად
შეუპოვრად იბრძოდნენ საერო პირებიც, რომელთა შორის გამოირჩეოდნენ
ქართველი სამოციანელები ილია ჭავჭავაძის მეთაურობით“, - ბრძანა
მომხსენებელმა.
საქართველოს ისტორიის კათედრის ხელმძღვანელმა, ისტორიის
მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ
დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა თემა „საქართველოს ეკლესიის
ავტოკეფალიის აღდგენა“.
ბატონმა სერგომ განიხილა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის
აღდგენის 1917 წლის 12(25) მარტით დათარიღებული დოკუმენტი და
ავტოკეფალიის აღიარების პრობლემები 1943-1991 წლებში. მომხსენებელმა,
ასევე, ვრცლად ისაუბრა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ღვაწლზე ჩვენი ეკლესიის
ავტოკეფალიის აღდგენის გზაზე.
დამსწრეთ სადღესასწაულო თარიღი მიულოცეს თსას ლიტურგიკისა და
სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრის ხელმძღვანელმა, თეოლოგიის
დოქტორმა, არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი) და ლიტურგიკის
პედაგოგმა, ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორმა, გელათის მეცნიერებათა
აკადემიის აკადემიკოსმა, წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის
წინამძღვარმა დეკანოზმა ბიძინა გუნიამ.
კონფერენციის დასასრულს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ
მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, მეუფე ანანიას, ბატონ ელდარ
ბუბულაშვილსა და საქართველოს ისტორიის კათედრის ხელმძღვანელს,
პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს, რომელიც კოორდინირებას უწევდა
კონფერენციისათვის მზადებას.
„მადლობელი ვარ თითოეული თქვენგანისა იმისათვის, რომ ჩვენ ერთად
ვდგავართ უწმინდესისა და უნეტარესის - ილია II-ის გვერდით, ერთად
ვდგავართ საქართველოს საპატრიარქოს გვერდით. თბილისის სასულიერო
აკადემია და სემინარია არის უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა და
სხვაგვარად არც შეიძლება. ამასთან, ჩვენ მუდამ ვგრძნობთ საქართველოს
ეკლესიის მეთაურის განსაკუთრებულ ყურადღებას თსას მიმართ, რისთვისაც
მადლიერნი ვართ. ვულოცავთ უწმინდეს პატრიარქს ამ დიდი დღეს. რაც მეტი
დრო გავა, მით მეტი ღირსებით წარმოჩინდება მისი ღვაწლი და სიბრძნე“, -
მიმართა რექტორმა დამსწრეთ.
საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ სისტემატურად აშუქებს
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ღონისძიებებს, რისთვისაც
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მადლობა გადაუხადა ტელევიზიის
დირექტორს, დეკანოზ მიქაელ ფოფხაძეს.
მიტროპოლიტმა ანანიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა რექტორის დიდი წვლილი
სასწავლებლის მრავალმხრივი წინსვლის საქმეში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სასწავლებლის სამეცნიერო საბჭოს
წევრები, პედაგოგები, სტუდენტები.



