სამაგისტრო ნაშრომის დაცვა

დღეს, 26 დეკემბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის - თენგიზ ბატონისაშვილის სამაგისტრო ნაშრომის დაცვა თემაზე: „უცნობი საღვთისმეტყველო წყარო სამწმიდაობითი ლოცვისა და მისი მონოფიზიტური გაუკუღმართების შესახებ”.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი მაია რაფავა, რეცენზენტი - თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია, ენობრივი შეფასება ეკუთვნის ფილოლოგიის დოქტორს - ქეთევან მამასახლისს.

სხდომას თავმჯდომარეობდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები: დეკანოზი იოანე კვანჭიანი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი, დეკანოზი ბიძინა გუნია, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი, არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი, პროფ. გვანცა კოპლატაძე, პროფ. ნინო მელიქიშვილი, ირაკლი ორჟონია. სამაგისტრო ნაშრომის დაცვას, ასევე, ესწრებოდნენ სამეცნიერო საბჭოს წევრები. 
შეკრებილთ მისასალმებელი სიტყვით მიმართა და დღის წესრიგი გააცნო სასულიერო აკადემიის დეკანმა, დეკანოზმა იოანე კვანჭიანმა.
 ​ 
თენგიზ ბატონისაშვილმა კომისიასა და დამსწრე საზოგადოებას სამაგისტრო ნაშრომის ძირითადი დებულებები წარუდგინა.
„ჩვენი სამაგისტრო ნაშრომი მიზნად ისახავდა წმინდა არსენ იყალთოელის მიერ შედგენილი უნიკალური ძეგლის - „დოგმატიკონის“ ერთ-ერთი თხზულების - „ეპისტოლენი“ - ძველი ქართული თარგმანის ტექსტოლოგიურ-ფილოლოგიური და საღვთისმეტყველო თვალსაზრისით შესწავლას. სამაგისტრო ნაშრომი იყოფა სამ ნაწილად. პირველ ნაწილში გადმოცემულია წმინდა არსენ იყალთოელის „დოგმატიკონის“ რაობა და მნიშვნელობა ძველ ქართულ მწერლობასა და ღვთისმეტყველებაში, მეორე ნაწილი ეხება პეტრე ანტიოქიელისადმი მიწერილი ეპისტოლეების თარგმანების შემცველ ქართულ ხელნაწერებს, მესამე ნაწილში კი მოცემულია ეპისტოლეთა საღვთისმეტყველო ანალიზი.
 ​
ნაშრომში გავაანალიზეთ ეპისტოლეთა ადრესატის - პეტრე ანტიოქიელის პიროვნება და წარმოვაჩინეთ მისი ერეტიკული ცდომილებები, რომელიც მან პატრიარქობის სხვადასხვა ეტაპზე გამოავლინა. კერძოდ, სამწმინდაობითი ლოცვის შერყვნა, მრგვლივმოსავლელი სიგელის - ენციკლიკის - შედგენა და „ჰენოტიკონზე“ ხელის მოწერა. განვიხილეთ სამწმიდაობითი ლოცვის წარმოშობის ისტორია და მისი მონოფიზიტური ცდომილება.
 
 მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საკვლევი ძეგლის ბერძნულ ორიგინალთან შედარება ვერ მოხერხდა, წმინდა არსენის სიტყვასიტყვითი, ზედმიწევნითი მთარგმნელობითი მეთოდიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მას აღნიშნული ეპისტოლეები უცვლელად აქვს ნათარგმნი.
ჩვენს მიერ ჩატარებულმა ფილოლოგიურმა კვლევამ გამოავლინა, რომ ქართულ ნუსხებში დაფიქსირებული „ეპისტოლენი“ ერთმანეთისგან რედაქციულად არ განსხვავდება. ტექსტობრივი კუთხით სხვაობა მხოლოდ უმნიშვნელოა. თითოეული მათგანი დამოკიდებულია უძველეს S 1463 ხელნაწერზე, რომელიც XI-XII საუკუნეებით თარიღდება“, - აღნიშნა დიპლომანტმა.
​ნაშრომის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაია რაფავამ ბრძანა, რომ თენგიზ ბატონისაშვილი გამორჩეული სტუდენტი იყო სიბეჯითით, პატიოსნებითა და გონიერებით.
 
,,არსენ იყალთოელის „დოგმატიკონი“ უმნიშვნელოვანესი ძეგლია ქართული კულტურის ისტორიაში, რომელმაც​ არეოპაგიტულ კორპუსსა და იოანე პეტრიწის ნააზრევთან ერთად შექმნა ფონი ქართული რენესანსის ჩამოყალიბებისათვის. ბატონი თენგიზ ბატონისაშვილის ნაშრომი სავსებით აკმაყოფილებს სამაგისტრო ნაშრომისათვის წაყენებულ ყველა პირობას. იმედი მაქვს, ეს ნაშრომი დაიკავებს სათანადო ადგილს „დოგმატიკონის“ კვლევის ისტორიაში“, - ბრძანა ქალბატონმა მაიამ.
 
რეცენზენტმა, თეოლოგიის დოქტორმა ირაკლი ორჟონიამ მაღალი შეფასება მისცა ნაშრომს და აღნიშნა, რომ ყველა შენიშვნა, რომელიც მას საკითხთან მიმართებაში ჰქონდა, დიპლომანტმა მუშაობის პროცესში გაითვალისწინა.
 
სამაგისტრო ნაშრომს მაღალი შეფასება მისცეს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ლელა ხაჩიძემ და თსას გამომცემლობის ხელმძღვანელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნინო მელიქიშვილმა.
​რექტორმა, რომელიც კარგად იცნობს ნაშრომს, რამდენიმე საგულისხმო შენიშვნა მისცა დიპლომანტს და საკითხის შემდგომი კვლევისას ზოგიერთი საკითხის კიდევ უფრო დაზუსტებისაკენ მოუწოდა. მამა გიორგიმ საგანგებოდ აღნიშნა თენგიზ ბატონისაშვილის პიროვნული ღირსებები და იმედი გამოთქვა, რომ დიპლომანტი მომავალშიც ღირსეულ სამსახურს გაუწევს ეკლესიას. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ გულითადი მადლობა გადაუხადა აკადემიის დეკანს, დეკანოზ იოანე კვანჭიანს, დიპლომანტს, მის სამეცნიერო ხელმძღვანელს, რეცენზენტს, კომისიის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა მხცოვანი პატრიარქის განუზომელი ღვაწლი, რის გარეშეც ვერ იარსებებდა სასულიერო აკადემია და სემინარია და, შესაბამისად, ჩვენს ახალგაზრდებს არ ექნებოდათ უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლების მიღების საშუალება. 
 
თენგიზ ბატონისაშვილის სამაგისტრო ნაშრომი კომისიამ უმაღლესი ქულით შეაფასა
 
მამა გიორგიმ, ასევე, საგანგებო მადლობა გადაუხადა აკადემიისა და სემინარიის მგალობელთა გუნდებსა და მათ ხელმძღვანელებს - ლექსო გრემელაშვილსა და ლაშა ზაალიშვილს, რომელთა მონაწილეობა არაერთ ღვთისმსახურებასა და ღონისძიებას ამშვენებს.
alt
26.12.2024

FaceBook გვერდი