ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აღვლენილი სავედრებელი პარაკლისი
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში 14 სექტემბერი სასწავლო წლის დაწყების დღეა. იგი თანხვდება მართლმადიდებელი ეკლესიის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს - ინდიქტიონს ანუ საეკლესიო ახალ წელს.
სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, სასწავლებელში მოღვაწე მოძღვრებსა და სიონის ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად, აღავლინა სავედრებელი პარაკლისი. ტაძარში გალობდნენ თსას-ის სტუდენტთაგან შემდგარი გუნდები, პედაგოგების - ლექსო გრემელაშვილისა და ლაშა ზაალიშვილის ხელმძღვანელობით. ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ თსას-ის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და მორწმუნე საზოგადოება.
სავედრებელი პარაკლისის დასასრულს მისმა მაღალღირსებამ, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ისაუბრა თსას-ის - უპირველესი საღვთისმეტყველო სასწავლებლის - მისიაზე. განმარტა, რომ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია არის სულიერი ხედვისა და მეცნიერების, რწმენისა და ცოდნის ერთობისა და ურთიერთშერწყმის წიაღი. შესაბამისად, სასწავლებლის მიზანია, რომ სტუდენტმა, უმაღლეს ცოდნასთან ერთად, შეიძინოს ქრისტიანული სათნოებები - თავმდაბლობა, პატიოსნება, ეკლესიური აზროვნება, მიმტევებლობა, სულგრძელობა. ცოდნისა და რწმენის ერთიანობა არის ის უნიკალური მდგომარეობა, რომლითაც ჩვენი სასწავლებელი გამოირჩევა. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს წევრებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს გაცნობიერებული აქვთ თავიანთი დიდი პასუხისმგებლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის, ჩვენი ეკლესიის, საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე, - ბრძანა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა.
პროტოპრესვიტერმა
გიორგი ზვიადაძემ შეკრებილთ მიულოცა სასწავლო წლის დაწყება,
დალოცა თსას-ის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და წარმატებული,
ნაყოფიერი წელი უსურვა
მათ.