წმინდა დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში წმინდა დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა. კონფერენციის დაწყებამდე საგალობელი შეასრულა თბილისის სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდმა ლაშა ზაალიშვილის ხელმძღვანელობით.

 სამეცნიერო კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან აღნიშნა, რომ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მისი უშუალო ღვაწლით და ძალისხმევით დაფუძნებულ უპირველესი საღვთისმეტყველო სკოლა  - თბილისის სასულიერო  აკადემია და სემინარია არის ჭეშმარიტი რწმენისა და ჭეშმარიტი ცოდნის გამთლიანების ადგილი, რითაც ეს სასწავლებელი გელათის აკადემიის ღირსეული მემკვიდრეა. აკადემიის რექტორმა ასევე ყურადღება გაამახვილა დავით აღმაშენებლის უდიდეს ღვაწლზე ქართველი ერის წინაშე, რის გამოც იგი მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ: მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი ანანია (ჯაფარიძე), ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლელა ხაჩიძე, საქართველოს ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორ, პროფესორ სერგო ვარდოსანიძე და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ელდარ ბუბულაშვილი.

მეუფე ანანიას მოხსენების თემა იყო „სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდში“. მომხსენებელმა ისაუბრა იმ ეპოქის სირთულის შესახებ, რომელშიც იღვაწა წმ. დავით მეფემ, საგანგებოდ აღნიშნა, რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის სიმტკიცესა და თავგანწირვას ჩვენი ქვეყნისთვის, როგორ გააერთიანა კვლავ შინაფეოდალური დაპირისპირებისაგან დაუძლურებული საქართველო და მაჰმადიანთა 400-წლოვანი ბატონობისაგან როგორ გაათავისუფლა საქართველოს დედაქალაქი.

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლელა ხაჩიძე, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგა თემით - „დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“. მან მოკლედ მიმოიხილა ჰიმნოგრაფიის ეს უდიდესი ძეგლი ქართველ მკვლევართა ნაშრომებში და აღნიშნა, რომ „გალობანი სინანულისანი“ უტყუარად გამოხატავს ავტორის ღვთივსულიერებას.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ელდარ ბუბულაშვილმა დამსწრეთ წარუდგინა თემა - “წმ. მეფე დავით აღმაშენებელთან დაკავშირებული სიწმინდეები“. მან ისაუბრა იმ საეკლესიო სიწმინდეების შესახებ, რომლებიც წმ. მეფე დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდს უკავშირდება და აღნიშნა, რომ დავით მეფის წმინდანად კანონიზება მისი გარდაცვალებიდან მალევე უნდა მომხდარიყო.

  საქართველოს ისტორიის კათედრის ხელმძღვანელმა, ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ ისაუბრა თემაზე - “დავით აღმაშენებლი, როგორც სახელმწიფო მოღვაწე“.

„წმ. მეფის ყველაზე დიდი დამსახურება იყო ის, რომ მას ქართველი ერის ეროვნული ძალის რწმენა არსოდეს დაუკარგავს. აღარც ხვნა იყო, აღარც თესვა, თურქ-სელჩუკები იკავებდნენ ქართულ მიწა-წყალს და, ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ქართველ კაცს ეროვნული ღირსება და მომავლის რწმენა დაკარგული ჰქონდა. დავით მეფემ ამ ეროვნული ცნობიერების ამაღლებითა და მომავლის რწმენის დაბრუნებით დაიწყო  მოღვაწეობა, მინავლებული სული ისევ დიდ ძალად აქცია და მიმართა ის მთავარი საქმისაკენ - ქვეყნის გაერთიანებისაკენ. მან მოაზროვნე ხალხი შემოიკრიბა გარშემო და ფეოდალური სახელმწიფოსთვის შეუფერებლად მაღალი აზროვნება დაამკვიდრა. მეფე პიროვნული ღირსების მიხედვით აფასებდა ადამიანებს და ამან განაპირობა იმ მძიმე პირობებში ქვეყნის აღორძინება. წმ. დავითის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა, მას შემდეგ რამდენი დიდი მოღვაწე გვყავდა, მაგრამ მის სიმაღლეს ვეღარავინ მიაღწია. ჩვენ რომ დღეს აქ ვდგავართ, ეს დიდი მეფის - დავით აღმაშენებლის დამსახურებაა“, - ბრძანა მომხსენებელმა.

კონფერენციაზე საგანგებოდ იყო მოწვეული საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი, ბატონი იოსებ ტყემალაძე, რომელმაც დიდი თანადგომა და დახმარება გაუწია თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სასწავლებლის სახელით დიდი მადლობა გადაუხადა ბატონ იოსებ ტყემალაძეს თანადგომისათვის, დააჯილდოვა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საპატიო სიგელით და საჩუქრად გადასცა პროფესორ ედიშერ ჭელიძის მიერ ახლახან გამოცემული უდიდესი საეკლესიო და ეროვნული მნიშვნელობის წიგნი -  „დიდი კურთხევანი“. ბატონმა იოსებ ტყემალაძემ გულითადი მადლობა გადაუხადა მამა გიორგის და კვლავაც გამოთქვა აკადემიისა და სემინარიის დახმარების სურვილი. 

კონფერენციის დასასრულს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებასა და საქართველოს ისტორიის კათედრის ხელმძღვანელს, პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს, რომელიც კოორდინირებას უწევდა კონფერენციისათვის მზადებას.

მიტროპოლიტმა ანანიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა რექტორის დიდი წვლილი სასწავლებლის მრავალმხრივი წინსვლის საქმეში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სასწავლებლის სამეცნიერო საბჭოს წევრები, პედაგოგები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები.

შეხვედრა აკადემიის მგალობელთა გუნდის მიერ შესრულებული გალობით დასრულდა, რომელსაც ლექსო გრემელაშვილი ხელმძღვანელობს.

altaltalt
altaltaltaltaltalt

 

07.02.2025

FaceBook გვერდი