მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) დაბადების 75-ე წლისადმი
მიძღვნილი საზეიმო საღამო
2024 წლის 28 ნოემბერს, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და თბილისის
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი
ზვიადაძის თაოსნობით, ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ბატონ
გიორგი ტყემალაძის უდიდესი მხარდაჭერით, საკრებულოს თამარ მეფის
დარბაზში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი
უხუცესი მღვდელმთავრის, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის,
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორის, საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის გამგის, ისტორიის
დოქტორის, მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) დაბადებიდან 75-ე წლისადმი
მიძღვნილი საღამო.
საიუბილეო საღამო შესავალი სიტყვით გახსნა თბილისის სასულიერო
აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, ფილოლოგიის, თეოლოგიისა და
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
მან ისაუბრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის
უდიდეს დამსახურებაზე ქართული სახელმწიფოს, საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიის, ქართველი ხალხისა და მსოფლიო
მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მან უდიდესი პატივისცემა და
მადლიერება გამოხატა მეუფე ანანიას მიმართ, ისაუბრა მის განსაკუთრებულ
ერთგულებასა და დამსახურებაზე საქართველოს ეკლესიის, პატრიარქისა და
სამშობლოს მიმართ.
„მეუფე ანანია მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე, მხარში ედგა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს
ილია II-ს და დიდი ღირსებით ეზიდებოდა სასულიერო და საზოგადო მოღვაწის
მძიმე ტვირთს... მისი მოღვაწეობის მასშტაბი ჭეშმარიტად იმსახურებს
პატივისცემასა და საიუბილეო დღის ღირსეულად აღნიშვნას“, - ბრძანა
თავის გამოსვლაში პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
ღონისძიებაზე მისასალმებელ სიტყვები
წარმოთქვეს და მეუფე ანანიას (ჯაფარიძე) განსაკუთრებულ ღვაწლზე
ისაუბრეს - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის
წევრმა, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი),
ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე); ქ. თბილისის
საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი ტყემალაძემ; საქართველოს
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, ისტორიის მეცნიერებათა
დოქტორმა, აკადემიკოსმა, ბატონმა როინ მეტრეველმა; საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა, ბატონმა დავით
გურგენიძემ; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პოლიტიკის
მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ბატონმა ზურაბ ხონელიძემ;
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქართველოს ისტორიის
კათედრის გამგემ, ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორმა,
პროფესორმა, ბატონმა სერგო ვარდოსანიძემ; დეკანოზმა გიორგი
მალხაზიშვილმა და ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ბატონმა
ნუგზარ ვანიშვილმა.
მეუფე ანანიას ღვაწლზე ისაუბრეს: აფხაზეთის მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, ბატონმა ზურაბ ლომთათიძემ, მონაზონმა
მარიამმა (ბაგრატიონ-მუხრანელი).
თითოეულმა მათგანმა უდიდესი პატივისცემა და სიყვარული გამოხატა
მეუფე ანანიას მიმართ. ამასთანავე, განსაკუთრებული მადლიერება
გამოთქვეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის,
პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მიმართ მანგლისისა და თეთრიწყაროს
მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) ღვაწლის დაფასებისა და მეტად
მასშტაბური და წარმომადგენლობითი ხასიათის ღონისძიების
ორგანიზებისთვის.
გამომსვლელებმა ისაუბრეს მიტროპოლიტ
ანანიას დამსახურებაზე ქართველი ერისა და ქართული მართლმადიდებელი
ეკლესიის წინაშე, მისი მეტად მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომების
ირგვლივ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უდიდესი ნდობის დასტური
იყო მეუფე ანანიას დანიშვნა „რეალური ისტორიის დამდგენი საპატრიარქოს
მუდმივმოქმედი კომისიის“ თავმჯდომარედ, კომისიის საქმიანობამ ნათელი
მოჰფინა ერისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე არაერთ საკითხს. ამ
კომისიის მუშაობის შედეგები აისახა მიტროპოლიტ ანანიას დიდტანიან
გამოკვლევებში: „ქართველთა დენაციონალიზაცია XVII-XX საუკუნეებში.
საინგილო, აფხაზეთი, ქართლ-კახეთი, მესხეთი, თრიალეთი, შიდა ქართლი“;
„მესხეთი - ქართველთა გამაჰმადიანება“; „ლაზიკის შესახებ“ და სხვ.
მეუფის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ხედვას ცხადყოფს მისი ნაშრომები -
„სახელმწიფო ენის განვრცობა - მშვიდობისა და სტაბილურობის საფუძველი“;
„პეტრე იბერი - მართლმადიდებელი ეპისკოპოსი“. აღსანიშნავია მიტროპოლიტ
ანანიას უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნდამენტური გამოკვლევა „საქართველოს
ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში“, ასევე, „საქართველოს
სამოციქულო ეკლესიის ისტორია“ და ა.შ., - აღინიშნა გამომსვლელთა
მოხსენებებში.
აღნიშნულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მეუფე ანანიას
(ჯაფარიძე) მიერ უკანასკნელ პერიოდში გამოცემული უდიდესი მნიშვნელობის
მქონე სამეცნიერო შრომები.
მეუფე ანანიამ თავის გამოსვლაში უდიდესი მადლიერება გამოხატა
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიმართ. „24 წლის წინათ, 1994 წელს
ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს-პატრიარქმა დამავალა,
საქართველოს ეკლესიის სიყვარული უნდა ასწავლო ჩვენს სასულიერო
აკადემიაშიო და ასეა დღემდე, - ბრძანა მეუფე ანანიამ.
ამასთანავე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თბილისის
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი
ზვიადაძეს აკადემიასა და სემინარიაზე ზრუნვისა და მისი საქმიანობის
დაფასებისათვის.
შემაჯამებელ სიტყვაში თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, კიდევ
ერთხელ, განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართ, ვისი
ლოცვა-კურთხევითაც გაიმართა აღნიშნული ღონისძიება; ამასთანავე,
განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ქალაქ თბილისის საკრებულოს
თავმჯდომარის, ბატონი გიორგი ტყემალაძისადმი, ვისი დახმარებითაც
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას მუდმივად ეძლევა
შესაძლებლობა წმ. თამარ მეფის ისტორიულ დარბაზში ღონისძიებათა
ორგანიზებისა.
საიუბილეო საღამოს დასასრულს,
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ გულითადი მადლობა გადაუხადა
მობრძანებულ სტუმრებს, კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი დიდი
პატივისცემა და მადლიერება მეუფე ანანიას მიმართ და, თბილისის
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სახელით, საჩუქრად ღვთისმშობლის
ხატი გადასცა.
მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) დაბადებიდან
75-ე წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო
პირები. საქართველოს ხელისუფლებისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურისა და მეცნიერების
გამოჩენილი მოღვაწეები, უმაღლესი სასწავლებლის რექტორები,
აკადემიკოსები, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის
პროფესორ-მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები.