საჯარო ლექცია

27 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, საჯარო ლექციების ფარგლებში, მოხსენება  წაიკითხა ჯვრის მამის დედათა მონასტრის
მონაზონმა, ღვთისმეტყველების მაგისტრმა დინარა
(ქეთევან) ჯორბენაძემ. მოხსენების თემა იყო: “კლასიკური სირიული ენა
და მისი მნიშვნელობა ქრისტიანული აღმოსავლეთით დაინტერესებულთათვის’’. მომხსენებელმა  ისაუბრა სირიული ქრისტიანობის იუდაურ-ბიბლიური წარმომავლობის შესახებ. მიმოიხილა  ისტორიოგრაფიისა და მისიოლოგიის საკითხები.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კლასიკური სირიული ენა - არამეული ენის მთავარი დიალექტი - ცნობილია როგორც ენა, რომელზეც საუბრობდნენ იესო
ქრისტე და მოციქულები და ეს იყო იმ დროისთვის აღმოსავლეთის ლინგვა ფრანკა.
კლასიკური სირიული ენის გავრცელების არეალი და სირიელთა
განსახლების ადგილი იყო თანამედროვე თურქეთი, ლიბანი, კატარი,
სამხრეთ-დასავლეთი ირანი და თავად სირია. შესაბამისად, ამ ენაზე
ქმნიდნენ თავიანთ ჰიმნებს, მადრაშებს, მიმრებსა თუ თახვითებს
ეფრემ ასური, ისააკ ასური, იოანე დალიატელი, იოსებ ხაზაია და
მრავალი სხვა გამოჩენილი ღვთისმეტყველი.
ამ ენაზე დაიწერა პეშიტა, სახარებისა და ბიბლიის უძველესი ვერსია,
მრავალრიცხოვანი ასკეტურ-მისტიკური კრებული, ქრონიკები თუ
ჰიმნოგრაფიული თხზულებები.  
ლექციას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მოხსენების ბოლოს გაიმართა დისკუსია, გამოითქვა საგულისხმო მოსაზრებები ქართულ-სირიული კულტურული ურთიერთობების შესახებ.  დედა დინარამ გამოთქვა მზაობა, რომ სიამოვნებით შეასწავლის კლასიკურ სირიულ (არამეულ) ენას საკითხით დაინტერესებულ ყველა სტუდენტს.
27.11.2024

FaceBook გვერდი