საჯარო ლექცია - „ქართული ხატები“

14 ოქტომბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, ტრადიციული საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში, მოხსენება წაიკითხა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ნანა ბურჭულაძემ. მოხსენების თემა იყო „ქართული ხატები“.  
„ქართველი ერის საეკლესიო-კულტურული მემკვიდრეობის საგანძურში შუა საუკუნეების ხატებს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ისინი ქრონოლოგიურად, ტექნოლოგიურად, ტიპოლოგიურად, იკონოგრაფიულად და სტილისტურად ძალზე მრავალფეროვანია. ამ კოლექციის ნაწილი დღემდე ეკლესიებში ინახება, ნაწილი მუზეუმებშია გადატანილი, ნაწილი კი უცხოეთის საცავებშია“, - ბრძანა ქალბატონმა ნანამ.
მოხსენების ფარგლებში განხილული იყო შემდეგი საკითხები: შუა საუკუნეების ქართული ხატების მოკლე ისტორია; ხატების ტიპოლოგია და კავშირი საეკლესიო ხელოვნების სხვა დარგებთან; ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული და საღებავებით ნაწერი ხატების განსაკუთრებით ცნობილი ნიმუშები, რომელთა ქრონოლოგია VI-XVIII სს-ს მოიცავს; ხატების ისტორიული და კულტუროლოგიური ასპექტები და ის გარემო, რომელშიც ისინი იქმნებოდა. ამასთანავე, მომხსენებელმა ისაუბრა ქართული და ბიზანტიური ხატწერის ურთიერთმიმართების საკითხზე, იმ ოსტატებზე, ვისი ხელითაც ეკლესიისთვის აუცილებელი ეს სიწმინდეები იქმნებოდა.  
ლექციის მსვლელობისას წარმოდგენილი იყო უხვი და მრავალფეროვანი ვიზუალური მასალა.  
მოხსენებამ მსმენელთა დიდი მოწონება და დაინტერესება გამოიწვია. იყო შეკითხვები, გამოითქვა საგულისხმო მოსაზრებები. ლექციას ესწრებოდნენ თსას-ის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
14.11.2024

FaceBook გვერდი