3-7 ივნისს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის
პრორექტორი საგანმანათლებლო და ადმინისტრაციულ დარგში, ისტორიის
დოქტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, თსას-ის საზოგადოებასთან
ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის საერთაშორისო
ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, ფილოლოგიის დოქტორი ლალი ხუჭუა და
„ერასმუს+“ პროგრამის კოორდინატორი ელისაბედ აბულაძე სამუშაო ვიზიტით
სტოკჰოლმის წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის სახელობის უმაღლეს
საღვთისმეტყველო სასწავლებელში იმყოფებოდნენ.
თსას-ის წარმომადგენლებმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს
სტოკჰოლმის უმაღლესი თეოლოგიური სასწავლებლის რექტორთან, პროფესორ
მაიკლ ჰიალმთან, ვიცერექტორთან - დეკანოზ სერაფიმე სმენსგორდთან,
სასწავლებლის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსთან, მირიამ ჰიალმთან,
ბიზანტიური მიმართულების ხრლმძღვანელ დეკანოზ მილუტინ იანჩიკთან, სხვა
თანამშრომლებსა და სტუდენტებთან.
მხარეებმა შეხვედრებზე ორ უმაღლეს სასწავლებელს
შორის ურთიერთობის მომავალი ნაბიჯები დაგეგმეს, განიხილეს
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ტექსტი, მისი ცალკეული
მუხლები.
წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის სახელობის უმაღლესი საღვთისმეტყველო
სასწავლებლის რექტორმა, პროფესორმა მიქაელ ჰიალმმა, დიდი პატივისცემა
გამოხატა ქართველი ხალხის, საქართველოს ეკლესიისა და სრულიად
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ის მიმართ და აღნიშნა, რომ
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან თანამშრომლობა
მათთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანია, საქართველოს უძველესი
საღვთისმეტყველო განათლების ტრადიციებიდან გამომდინარე. მიქაელ
ჰიალმმა ასევე ღრმა პატივისცემა გამოხატა თსას-ის რექტორის,
პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მიმართ და დიდი მადლიერებით გაიხსენა
მასთან შეხვედრა თბილისში.
თსას-ის პრორექტორმა, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ, მასპინძლებს
მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისა და გამოცდილების გაზიარებისათვის
და აღნიშნა, რომ ორ მართლმადიდებლურ სასწავლებელს შორის თანამშრომლობა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ლოცვა-კურთხევით
ხორციელდება და აღნიშნული თანამშრომლობა, სამეცნიერო გამოცემები,
კონფერენციები სასარგებლო იქნება ორივე მხარისათვის.
შეხვედრების ბოლოს დეკანოზმა ბესარიონმა თბილისის სასულიერო
აკადემიისა და სემინარიისა და რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი
ზვიადაძის სახელით წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის სახელობის უმაღლეს
სასწავლებელს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი გადასცა
საჩუქრად.
სტოკჰოლმში ვიზიტის ფარგლებში თსას-ის წარმომადგენლები შვედეთის
წმ. გიორგის სახელობის სამრევლოსაც ესტუმრნენ. მათ
დეკანოზმა ნიკოლოზ გუბაევმა უმასპინძლა.