ნაშრომის ხელმძღვანელი გახლდათ ფილოლოგიისა და
თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის
აკადემიკოსი, დეკანოზი ბიძინა გუნია. რეცენზენტი -
თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი. შეკრებილთ
მისასალმებელი სიტყვით მიმართა და დღის წესრიგი გააცნო აკადემიის
დეკანმა, დეკანოზმა იოანე კვანჭიანმა.
სხდომას თავმჯდომარეობდა თბილისის
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიის, ფილოლოგიისა
და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი
გიორგი ზვიადაძე.
მაგისტრანტმა კომისიასა და დამსწრე
საზოგადოებას სამაგისტრო ნაშრომის ძირითადი დებულებები გააცნო.
აღნიშნა, რომ საკვალიფიკაციო ნაშრომში „ბასილი დიდის ლიტურგია და
საქართველოს ეკლესიის საღვთისმსახურო ტრადიცია“ განხილულია შემდეგი
საკითხები: ევქარისტიის წარმოშობისა და განვითარების ისტორია
პირველ-მეოთხე საუკუნეებში; წმ. ბასილი დიდის ღვაწლი; ცხრილის სახითაა
ნაჩვენები ევქარისტიის პირვანდელი სქემა და გვიანდელი დამატებები; წმ.
ბასილი დიდის ევქარისტიული კანონის დამკვიდრების ისტორია საქართველოს
მართლმადიდებელ ეკლესიაში; ცხრილის სახითაა მოცემული ფილოლოგიის
მეცნიერებათა დოქტორის -ნინო ქაჯაიას - გამოცემული სამი უძველესი
ევქარისტიული ტექსტი, რომელიც შედარებულია თანამედროვე საღვთისმსახურო
კონდაკთან. დამატებით შესწავლილი და განხილულია კონდაკის ოთხი
ხელნაწერი (K 32-XVII ს.; K 678-XVIII ს.; K 12-XVII ს.; K 125-XVIII
ს.), მათ შორის დაფიქსირებული სხვაობები გადმოცემულია ცხრილის
შედარებით ანალიზში. წყაროებისა და მასალების ანალიზმა და წმინდა
ბასილი დიდის ევქარისტიული ღვთისმსახურების შესწავლამ მკაფიოდ
წარმოაჩინა, რომ ლიტურგიის განვითარება მიმდინარეობდა ეტაპობრივად,
მარტივიდან რთული ფორმისაკენ; გამოიკვეთა საღვთისმსახურო ტექსტები,
რომელიც უშუალოდ წმინდა ბასილი დიდის სახელს უკავშირდება.
სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელმა,
დეკანოზმა ბიძინა გუნიამ და რეცენზენტმა, დეკანოზმა ალექსი
ქშუტაშვილმა დადებითად შეაფასეს ნაშრომი.
შოთა რაზმაძემ ამომწურავად უპასუხა კომისიის
თავმჯდომარის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძისა და კომისიის წევრების
მიერ დასმულ შეკითხვებს.
სამაგისტრო ნაშრომთან დაკავშირებით საყურადღებო
მოსაზრებები და დადებითი შეფასებები გამოთქვეს: ლიტურგიკისა და
სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრის გამგემ, თეოლოგიის დოქტორმა,
პროფესორმა, არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა, პატრისტიკისა და
დოგმატიკის კათედრის გამგემ, გელათის მეცნიერებათა აკადემიის
აკადემიკოსმა, თეოლოგიის დოქტორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა,
პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ, გვანცა კოპლატაძემ - ფილოლოგიის
მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ლელა ხაჩიძემ _ ქართული ენისა და
ლიტერატურის კათედრის გამგემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა,
პროფესორმა, ნინო მელიქიშვილმა _ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის
გამომცემლობის დირექტორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა,
პროფესორმა, დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ საეკლესიო არქიტექტურის
(ხუროთმოძღვრების) კათედრის გამგემ;
სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიამ,
თსას-ის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის თავმჯდომარეობით,
უმაღლესი ქულით შეაფასა შოთა რაზმაძის ნაშრომი და მას ერთხმად
მიენიჭა თეოლოგიის მაგისტრის ხარისხი.