საერთაშორისო სიმპოზიუმი - ”Studia Theologica Doctoralia”

2024 წლის 13 და14 მაისს რუმინეთის ქალაქ იაშში გაიმართა XVI საერთაშორისო სიმპოზიუმი - ”Studia Theologica Doctoralia”. სიმპოზიუმის თემა იყო: თეოლოგიური დისკურსი - სიტყვები, რომლებიც სულიერად აღორძინებენ და კურნავენ. 
 
აღნიშნული სიმპოზიუმი ყოველწლიურად ტარდება ქალაქ იაშში. წელს ის მიეძღვნა მნიშვნელოვან მოვლენას - რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა  2024 წელი გამოაცხადა სნეულებზე პასტორალური მზრუნველობისა და ყველა წმინდა უვერცხლოდ მკურნალის მოხსენიების საზეიმო წლად. სიმპოზიუმი გაიმართა ალექსანდრე იოანე კუზას უნივერსიტეტის დიმიტრუ სტანილოეს მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ფაკულტეტის ორგანიზებითა და, ასევე, კარლ-ფრანცენსის უნივერსიტეტის (ქ. გრაცი, ავსტრია), ბალამანდის უნივერსიტეტის წმინდა იოანე დამასკელის სახელობის თეოლოგიის ინსტიტუტის (ლიბანი), არისტოტელეს უნივერსიტეტის სოციალური თეოლოგიის ქრისტიანული კულტურის ფაკულტეტისა (ქ. თესალონიკი, საბერძნეთი) და მირონ ბარნოვსკის ასოციაციის (ქ. იაში, რუმინეთი) თანამონაწილეობით.
 
ყოველწლიური სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ, როგორც აღნიშნული ინსტიტუციების პროფესორ-მასწავლებლები, ასევე, რუმინეთისა და სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების ღვთისმეტყველების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტები.
 
აღსანიშნავია, რომ სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, დიაკონი ცოტნე ჩხეიძე. მისი მოხსენების თემა იყო „წინასწარმეტყველი, როგორც უჩვეულო მომასწავებელი ნიშანი ბიბლიასა და ჰაგიოგრაფიაში“. მოხსენება დაფუძნებული იყო დიაკონი ცოტნე ჩხეიძის სადოქტორო კვლევაზე: "ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიმბოლური ქმედებების საღვთისმეტყველო ანალიზი". მოხსენებაში სიღრმისეულად იყო განხილული ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიმბოლური ქმედებანი და მათი ანალოგები სალოსების ცხოვრების ამსახველ ძეგლებში.
17.05.2024

FaceBook გვერდი