შეხვედრა მარინა კაჭარავასთან

შეხვედრა მარინა კაჭარავასთან
18 აპრილს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას ტრადიციული შეხვედრების ფარგლებში  სტუმრობდა ფსიქოლოგიის დოქტორი მარინა კაჭარავა.  საჯარო ლექციის თემა იყო „პიროვნული ზრდა და ემოციური ინტელექტი“.

ქალბატონმა მარინამ ისაუბრა პიროვნების განვითარების პროცესში ემოციური ინტელექტის მნიშვნელობასა და მის ეტაპებზე; გააზრებასა და ემოციურობას შორის არსებულ მიმართებებზე - გააზრების ემოციურობასა და ემოციურობის გააზრებაზე; ბაზისურ ემოციებზე; გრძნობასა და ემოციას შორის არსებულ  სხვაობაზე. აღნიშნა, რომ პიროვნული განვითარებისათვის გარდა ინტელექტუალური კოეფიციენტისა (IQ), აუცილებელია ემოციური ინტელექტი (EQ), რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე, გადაწყვეტილებებსა და მიღწევებზე. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ემოციური ინტელექტის ძირითად მახასიათებლებსა და საფუძვლებზე. აღნიშნა, რომ პიროვნების თვითგამორკვევის პროცესისთვის დამახასიათებელია გაცნობიერება იმისა, თუ ვინ არის და როგორია ის, რას გრძნობს, რა მოსწონს და რა აბრაზებს... აღნიშნა, რომ საკუთარი თავის გაცნობიერების შემდეგ უმნიშვნელოვანესი ეტაპია სუბიექტის მიერ საკუთარი ემოციების სახელდება, შემდეგ კი, მათი კონტროლი და მართვა. 

მათი კონტროლი და მართვა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ემოციური ინტელექტი ეხმარება ადამიანს სოციალური უნარების განვითარებაში, ასწავლის როგორც სხვისი ემოციების ამოცნობას, ისე  საკუთარი იმპულსებისა და ემოციების კონტროლს, სტრესის მართვას კონფლიქტურ სიტუაციაში, ემპათიას და ა. შ.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
მოხსენებამ მსმენელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. დაისვა საინტერესო კითხვები, რომლებსაც ქ-ნმა მარინამ ამომწურავად უპასუხა
alt
18.04.2024

FaceBook გვერდი