22 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა თავდაცვის სამინისტროს მოხალისეთა ორგანიზაციამ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“. სამსახურს წარმოადგენდა დირექტორი თადარიგის პოლკოვნიკი მალხაზ ქარაზანაშვილი, რეკრუტირების სამსახურის უფროსი თადარიგის პოლკოვნიკი კობა კომახიძე, თადარიგის ვიცეპოლკოვნიკი კონსტანტინე სუხიტაშვილი, რეგიონური სამმართველოს უფროსი თადარიგის პოლკოვნიკი პეტრე გოგუაძე, პრესსამსახურის წარმომადგენელი დიანა შაინიძე.
ორგანიზაციის ზოგადი მიზანია მოტივირებული მოქალაქეების
არაპოლიტიკური ნებაყოფლობითი ერთობის შექმნა რომელიც ხელს შეუწყობს
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ეროვნული უსაფრთხოების
უზრუნველყოფას.
სტუმრებმა საკუთარი ვიზიტის მიზნებიც წარმოადგინეს და სხვადასხვა
სახის სწავლება თუ თანამშრომლობა შესთავაზეს სტუდენტებს. ორგანიზაციის
„ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და
უსაფრთხოებისთვის“ დახმარებით მსურველებს საშუალება ეძლევათ,
შეისწავლონ ახალი სპეციალობები: საველე მედიცინა, სამაშველო,
სამთო-სამაშველო, საინჟინრო, ინფორმაციული და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიები, კიბეროპერაციები, დრონების მართვა, ლოჯისტიკური
უზრუნველყოფის სპეციალობა და სხვა. თანაც სწავლებათა გრაფიკი ისე
იქნება აგებული, რომ ის არ შეაფერხებს სალექციო პროცესს. შემოთავაზება
საინტერესო აღმოჩნდა სტუდენტებისათვის და ბევრმა მათგანმა გამოთქვა
თანამშრომლობის სურვილი.
შეხვედრის ბოლოს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მხრიდან მემორანდუმს
ხელი მოაწერა რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, სტუმართა
მხრიდან კი - ორგანიზაციის („ახალგაზრდობა და ვეტერანები
ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“) დირექტორმა მალხაზ
ქარაზანაშვილმა.