საიუბილეო სხდომა

2023 წლის 20 დეკემბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის პატრიარქად აღსაყდრების 46-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, ფილოლოგიის, თეოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან ისაუბრა პატრიარქის განსაკუთრებული ღვაწლის შესახებ ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე.
საიუბილეო სხდომაზე მოხსენებები წაიკითხეს: მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ანანია ჯაფარიძემ. მოხსენების თემა იყო - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ღვაწლი. მეუფე ანანიამ ისაუბრა პატრიარქის უდიდეს დამსახურებაზე საქართველოს წმ. ეკლესიის ისტორიული საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით კი, მე-20 საუკუნეში, კომუნისტების მმართველობის ხანაში, მიზანმიმართულად შეიცვალა და გაყალბდა შეხედულება საქართველოს ეკლესიის საზღვრების შესახებ. მკვიდრდებოდა აზრი, რომ დასავლეთ საქართველო მე-4 - მე-10 საუკუნეებში არ შედიოდა ქართული ეკლესიის იურისდიქციაში. მეუფემ ბრძანა, რომ 2012 წლის 5 ივლისის წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, გადადგმულიყო რეალური, ქმედითი ნაბიჯები საქართველოს ნამდვილი ისტორიის წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის, რითაც პატრიარქმა უახლოესი ქართული ისტორიოგრაფიის კვლევასაც დაუდო საფუძველი.
ისტორიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამოწვევები 1977-1990 წლებში. ბატონმა სერგომ აღნიშნა: ამ დღეებში მისი უწმინდესობის აღსაყდრებიდან 46 წელი სრულდება, დღეს ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, თუ რა გამოწვევების წინაშე დარჩა ახალგაზრდა პატრიარქი 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ და იმ სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება:
1.​ეკლესიას უჭირდა ფინანსურად (საპატრიარქომ ბანკეტის ხარჯების თანხა სახელმწიფოსგან ისესხა).
2.​სასულიერო პირთა უმრავლესობა (70 კაცი) ასაკოვანი იყო.
3.​მოქმედი ეკლესიებისა და სამლოცველო სახლების რაოდენობა 50 იყო.
4.​1945 წლის მართვა-გამგეობის დებულების შესაბამისად, ფიქციურად არსებული 15 ეპარქიიდან მხოლოდ 7 ეპარქიას ჰყავდა მმართველი მღვდელმთავარი, აქედან ხუთი თბილისის სხვადასხვა ტაძრის წინამძღვარი იყო.
5.​ეკლესიას არ ჰყავდა მრევლი, არ არსებობდა უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი, არ ჰქონდა საეკლესიო გამოცემები.
6.​გადაუწყვეტელი იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისა და დიპტიქის საკითხი.
7.​საქართველოს ეკლესიის ემბაზი - სვეტიცხოველი - ისტორიული ძეგლის სტატუსს ატარებდა. იქ იკრძალებოდა მღვდელმთავრებისა და მირონის კურთხევა...
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხსენებული პრობლემების მოგვარება ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო, - დასძინა ბატონმა სერგომ და დეტალურად ისაუბრა პატრიარქის დიდ საქმეებზე.
გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ ისაუბრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ღვაწლზე ძველი ქართული ლიტურგიკული ძეგლების შესწავლის საქმეში. მან აღნიშნა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ყოველთვის იყო ძველი ქართული ლიტურგიკული ძეგლების მეცნიერული შესწავლა და, შეძლებისამებრ, მათი აღდგენა დღევანდელ მსახურებაში. სწორედ მისი კურთხევით განხორციელდა 2002 წელს წმ. გიორგი მთაწმინდელის მიერ თარგმნილი "დიდი კურთხევანის" გამოცემა Sin. 73 ხელნაწერის მიხედვით, რასაც მოჰყვა 2006 წელს ასომთავრულ-ნუსხურ "კურთხევათა" პირველი ფუნდამენტური ტომის გამოცემა, მოგვიანებით კი, 2020-2022 წლებში - ამავე "კურთხევათა" სამტომეულის გამოქვეყნება. ლიტურგიკული ძეგლებიდან განსაკუთრებული ღირსებისაა "ჟამისწირვები" ანუ "კონდაკი", რომლის წყაროთმცოდნეობითი დამუშავებაც ინტენსიურად მიმდინარეობს თბილისის სასულიერო აკადემიის კედლებში. ამ სამუშაოს პირველი, უმნიშვნელოვანესი ნაწილი, კერძოდ, "წმინდა იოანე ოქროპირის ჟამისწირვა", შესაბამისი სამეცნიერო სქოლიოებით, უკვე გამოცემულია ზემომითითებულ "კურთხევათა" მესამე ტომში. იგეგმება უდიდესი ღირსების მქონე უნიკალური "იერუსალიმური ლექციონარის" ანუ უადრესი საეკლესიო ტიპიკონის გამოქვეყნება, - აღნიშნა მან.
პატრიარქს საიუბილეო დღეები მიულოცეს, მის განსაკუთრებულ ღვაწლზე ისაუბრეს და პირადი ურთიერთობების ამსახველი ისტორიები გაიხსენეს: გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, დეკანოზმა ბიძინა გუნიამ. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გვანცა კოპლატაძემ, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ლელა ხაჩიძემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა პროფესორმა მაია რაფავამ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გურამ ბენაშვილმა, ფსიქოლოგიის მაგისტრმა, პედაგოგმა გვანცა გუგეშაშვილმა.
20.12.2023

FaceBook გვერდი