სტუდენტური კვირეული

უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადებიდან 91-ე და აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კვირეული.
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორატის ინიციატივითა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით 11 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საზეიმოდ გაიხსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის დაბადებიდან 91-ე და აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კვირეული.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სასულიერო აკადემიას გახსნის დღიდანვე გეზად დაუსახა, რომ მის კედლებში გამთლიანებული ყოფილიყო მაცხოვნებელი ცოდნა და მაცხოვნებელი რწმენა. უპირველესი საღვთისმეტყველო სასწავლებლის საგანმანათლებლო სისტემა ემყარება რწმენისა და ცოდნის ერთიანობას და დღევანდელი დღეც ამის მკაფიო დადასტურებაა, - ბრძანა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. სტუდენტთა სამეცნიერო კვირეულის მუშაობა გახსნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ლელა ხაჩიძემ.
სტუდენტთა სამეცნიერო კვირეულის პირველ დღეს წარმოდგენილი იყო პროფესორ ლელა ხაჩიძის ხელმძღვანელობით აკადემიისა და სემინარიის ფაკულტეტების სტუდენტთა მიერ მომზადებული თემები - ათონი და წინაათონური საეკლესიო პოეზია.
1. წინაათონური საეკლესიო პოეზია სამუშაო ჯგუფების მოდერატორი - აკადემიის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი ირაკლი ესებუა. მომხსენებლები - სემინარიის ფაკულტეტის 1-ელი და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტები:
1. კახაბერ აბულიძე - „წმ. რომანოზ მელოდოსი და მისი შემოქმედება“
2. გურამ წიწავა - „უძველესი იადგარი“ და მისი დიფერენციაცია“
3. მამა ემანუელ კეკელია - „იოანე მინჩხი - X საუკუნის დიდი ქართველი ჰიმნოგრაფი”
4. ლუკა ხვედელიძე - „დემეტრე-დამიანე და მისი „შენ ხარ ვენახი“
5. ირინე ჩუხტიაშვილი -წმ. ეფთვიმე ათონელის ღვაწლი ( ხელმძღვანელი - ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი).
2. ათონის საღვთისმეტყველო-საგანმანათლებლო კერა მომხსენებლები - აკადემიის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტები:
1. ზურაბ გველესიანი - „წმ. იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში“ ჩართული „მოსაჴსენებელი“.
2. გიორგი ტორჩინავა - წმ. იოანე - თორნიკე წმ. გიორგი მთაწმიდელის თხზულებისა და „ივირონის აქტების“ მიხედვით
3. ამირან ხვედელიძე - წმ. გიორგი მთაწმიდელის პოლემიკა ანტიოქიის პატრიარქთან
4. ირაკლი ესებუა - წმ. ეფთვიმე ათონელისადმი მიძღვნილი საგალობლები გაბრიელ მდინარაძე (სემინარიის 1-ელი კურსი) - წარმოდგენილი პრეზენტაციების ვიზუალური მასალით უზრუნველყოფა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
11.12.2023

FaceBook გვერდი