7 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა
ალექსანდრიის საპატრიარქოს ანგოლისა და ზიმბაბვეს ეპარქიის
მიტროპოლიტის, მეუფე სერაფიმეს, საჯარო ლექცია თემაზე „წმინდა ათანასე
ალექსანდრიელის სწავლება არიოზელების წინააღმდეგ“. მომხსენებელმა
აღნიშნა, რომ წლების წინ ამ საკითხზე მუშაობა შემდგომში გახდა მისი
სამაგისტრო ნაშრომის თემატიკის განმსაზღვრელი. შესაბამისად, ლექციის
ძირითადი ნაწილის დაწყებამდე მან ისაუბრა სამაგისტრო თუ სადოქტორო
თემაზე მუშაობის, ზოგადად, კვლევის მეთოდოლოგიაზე და ჩამოაყალიბა
რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი, რომელიც უნდა გაითვალისწინოს
თეოლოგიაში სამაგისტრო ან სადოქტორო ხარისხის მოპოვების მსურველმა
ადამიანმა. მისი საუბრის ძირითადი თემა შეეხებოდა წმინდა ათანასე
ალექსანდრიელის მეთოდებს არიოზელთა სწავლების წინააღმდეგ. აღინიშნა,
რომ ყოველგვარი ცრუ სწავლება ეფუძნება წმინდა წერილის არასწორ
განმარტებას, და ამგვარი მცდარი გაგებისაგან ადამიანის დასაცავად
მკაფიოდ უნდა იყოს გააზრებული სამი ძირითადი საკითხი:
1) თუ ვის, რომელ პიროვნებას, მიემართება წმინდა წერილის კონკრეტული
ფრაზა;
2) რომელ დროს მიემართება და
3) რა კონკრეტული მიზანი ჰქონდა წმინდა წერილის ამ ფრაზის ავტორს მისი
დაწერისას.
ლექცია კითხვა-პასუხით გაგრძელდა. მეუფე სერაფიმემ ასევე გაიხსენა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან მისი ურთიერთობა, მასთან
შეხვედრის დეტალები, მადლიერება გამოხატა თბილისის სასულიერო
აკადემიისა და სემინარიის რექტორ, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის
მიმართ.
დასასრულ, რექტორმა მადლობა გადაუხადა სტუმარს საინტერესო ლექციისა და
ჩვენს ეკლესიასა და ქვეყანასთან მეგობრული ურთიერთობისათვის.