აკადემიის მგალობელთა გუნდის შემოქმედებითი საღამო

პარასკევს, 1 დეკემბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა აკადემიის მგალობელთა გუნდის შემოქმედებითი საღამო (წლიური ანგარიში). გუნდი 2018 წელს დაარსდა და მას ხელმძღვანელობს ლოტბარი - ლექსო გრემელაშვილი. მგალობელთა გუნდი 8 წევრისაგან შედგება, ისინი თბილისის სასულიერო აკადემიის სხვადასხვა კურსის სტუდენტები არიან - ივერ სვანიძე, ლუკა ბზუკაშვილი, ლაშა ბზუკაშვილი, თევდორე გოგოლაძე, დიაკონი გენადი ტლაშაძე, ალექსანდრე ბრეგვაძე, სანდრო კოპაძე, გურამ ჩიჩილიძე.
დღევანდელ შემოქმედებით საღამოზე აკადემიის მგალობელთა გუნდის წევრებთან ერთად საგალობლებს ასრულებდნენ მოწვეული სტუმრები, თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულები, წალკის სოფელ სამების ჯვრის მონასტრის მონაზვნები - გიორგი ასკურავა და ექვთიმე კრუპიცკი, ასევე, მუსიკოლოგიის მაგისტრი, ლოტბარი, მგალობელი გიორგი აბრამიშვილი და მგალობელი ბექა დადვანიაა.
შემოქმედებით საღამოს უძღვებოდა ლექსო გრემელაშვილი. შესრულდა ქართლ-კახური, შემოქმედისა და გელათის სამგალობლო სკოლების საგალობლები, კერძოდ: წმიდაო ღმერთო, მომიხსენენის ძლისპირები გიორგი მთაწმინდელის პარაკლიტონიდან, რომელმან ჰშევ მთიები (ღვთისმშობლის შობის მე-9 ძლისპირი), წმინდა გიორგის ტროპარი (შემოქმედის სკოლა), ნათლისღების მე-9 ძლისპირი (გელათის სკოლა), სულო ჩემო (გელათის სკოლა), შენ ხარ ვენახი (გელათის სკოლა), აღდგომის დღე არს (ქართლ-კახური), ქებადი (შემოქმედის სკოლა), მოვედით, თაყვანის ვცეთ (ქართლ-კახური), აღდგომის ტროპარი, მე-3 ხმა, იხარებდინ ცანი (გელათის სკოლა).
მოწვეულმა სტუმარმა, ასევე თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულმა, წალკის სოფელ სამების ჯვრის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა ლუკიანე ბუდაღაშვილმა მადლობა გადაუხადა თსას-ის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესა და აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებს აკადემიაში სტუდენტთა სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის გამო. მიღებულმა ცოდნამ და უნარებმა შემაძლებინა, რომ მონაზონ გიორგი ასკურავასა და მონაზონ ექვთიმე კრუპიცკისთან ერთად მემუშავა წმ. გიორგი მთაწმინდელის რედაქციის პარაკლიტონზე, - აღნიშნა იღუმენმა ლუკიანე ბუდაღაშვილმა. პარაკლიტონი 2020 წელს გამოიცა წალკის სოფელ სამების ჯვრის მონასტრის, თბილისის სასულიერო აკადემიის, კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. ლექსო გრემელაშვილის გუნდმა სწორედ აღნიშნული კრებულიდან შეასრულა მომიხსენენის კვირის ძლისპირები მე-4 ხმის.
შემოქმედებით საღამოს ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მგალობელთა გუნდის გამოსვლამ მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
გალობის მნიშვნელობის, გუნდის საქმიანობისა და საგალობელთა შესრულების თავისებურებებზე ისაუბრა ლიტურგიკისა და სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრის გამგემ, თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი). მან მაღალი შეფასება მისცა გუნდის გამოსვლას, მადლობა გადაუხადა ლექსო გრემელაშვილსა და გუნდის წევრებს თავდადებული შრომის, ქართული საგალობლის ერთგულებისა და სიყვარულისთვის.
01.12.2023

FaceBook გვერდი