საჯარო ლექცია


დღეს, 30 ნოემბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საჯარო ლექცია წაიკითხა ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, თსას-ის სადისერტაციო საბჭოს სწავლულმა მდივანმა, დეკანოზმა ბიძინა გუნიამ. ლექციას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები.
მოხსენების თემა იყო „ღვთისმსახურების საღვთისმეტყველო ასპექტები“. დეკანოზმა ბიძინა გუნიამ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა დამსწრე საზოგადოების ყურადღება, კერძოდ - I. ლიტურგიკული თხრობა საღმრთო ისტორიისა; II. მართლმადიდებლურ დოგმატთა წვდომა; III. ადამიანთა ხსნის საღვთო განგებულების შეცნობა; IV. პიროვნული ჩართულობა საკუთარი ხსნის საქმეში.
მომხსენებელმა ჰიმნოგრაფიული ტექსტების საფუძველზე განიხილა სწავლება - ა) წმინდა სამებაზე; ბ) მაცხოვრის ჰიპოსტასისა და ორი ბუნების შესახებ; გ) ანგელოზთა შესახებ. ისაუბრა თემაზე - სხეულებრივი სიკვდილი - ღვთისგან განდგომილების (ცოდვით დაცემის) შედეგი. შეხვედრის დასასრულს დეკანოზმა ბიძინა გუნიამ ამომწურავად უპასუხა ნაშრომთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს. საყურადღებო მოსაზრებები, შეფასებები გამოთქვეს თსას-ის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელმა, თეოლოგიის დოქტორმა, დიაკონმა ცოტნე ჩხეიძემ, სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებმა.
თსას-ის პრორექტორმა სასწავლო და ადმინისტრაციულ დარგში დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ მადლობა გადაუხადა დეკანოზ ბიძინა გუნიას საინტერესო მოხსენებისა და სასწავლებელში გამართულ სამეცნიერო-საგანმანათლებლო შეხვედრებში აქტიური მონაწილეობისთვის.
დეკანოზმა ბიძინა გუნიამ მადლიერება და პატივისცემა გამოხატა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მიმართ სასწავლებელში შექმნილი მაღალკვალიფიციური სასწავლო და სამეცნიერო გარემოსათვის.
მამა ბიძინამ, ასევე, მადლობა გადაუხადა პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს საინტერესო, საგულისხმო შეკითხვებისათვის.
30.11.2023

FaceBook გვერდი