სამაგისტრო ნაშრომის დაცვა

2023 წლის 15 ნოემბერს  თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში აკადემიის  კურსდამთავრებულის -  ცოტნე გიგიბერიას -  სამაგისტრო  ნაშრომის დაცვა გაიმართა.  ნაშრომის  სათაური იყო: „წმინდა ანთიმოზ ივერიელის კანონიკური მემკვიდრეობა“;  ხელმძღვანელი -  თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი; რეცენზენტი -  თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი. შეკრებილთ მისასალმებელი სიტყვით მიმართა და დღის წესრიგი გააცნო აკადემიის დეკანმა, დეკანოზმა იოანე კვანჭიანმა. 
 სხდომას თავმჯდომარეობდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
მაგისტრანტმა კომისიასა და დამსწრე საზოგადოებას  სამაგისტრო ნაშრომის ძირითადი დებულებები გააცნო. აღნიშნა, რომ   წმინდა ანთიმოზ ივერიელს კარგად იცნობენ როგორც მესტამბესა და რუმინული სალიტერატურო ენის ერთ-ერთ ფუძემდებელს, ჰუმანისტსა და მოაზროვნეს, მქადაგებელს, ორატორსა და რუმინულენოვანი ღვთისმსახურების მესაძირკვლეს, მაგრამ მისი, როგორც კანონისტისა და საეკლესიო სამართალში ორიგინალური ძეგლების ავტორის, ღვაწლი ნაკლებად იყო შესწავლილი, რამაც  განსაზღვრა დიპლომანტის  არჩევანი -  წყაროებსა და უახლოეს სამეცნიერო  ლიტერატურაზე დაყრდნობით - შეესწავლა  XVIII ს-ის დასაწყისის ღირსშესანიშნავი ძეგლები -  „ყოველთა წმიდათა სახელობის მონასტრის ტიპიკონი”, “საეკლესიო სწავლება” და “კანონთა თავები”. 
ცოტნე გიგიბერიამ დასკვნის სახით აღნიშნა, რომ წმინდა ანთიმოზ ივერიელის კანონები აბსოლუტურად თანხვდება წმინდა წერილს, დიდ სჯულისკანონს, სხვადასხვა ეპოქის სამონასტრო ტიპიკონებსა და წმინდა მამათა განმარტებებს. აღნიშნული წყაროების შესწავლამ კი უფრო  სრულყოფილი გახადა  ცოდნა არა მარტო ანთიმოზ ივერიელის ცხოვრებისა და საქმიანობის, არამედ, ზოგადად,  იმ პერიოდის საეკლესიო-კანონიკური აზროვნებისა და სამონასტრო ყოფის შესახებ.
სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ალექსი ქშუტაშვილმა დადებითად შეაფასა ნაშრომი.  რეცენზენტმა,  არქიდიაკონმა  დემეტრე დავითაშვილმა ისაუბრა ნაშრომის ღირსებებზე და საგულისხმო რჩევები მისცა დიპლომანტს შემდგომი კვლევებისათვის. 
ცოტნე გიგიბერიამ ამომწურავად უპასუხა კომისიის თავმჯდომარის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის დასმულ შეკითხვებს.
სამაგისტრო ნაშრომთან  დაკავშირებით საყურადღებო მოსაზრებები და შეფასებები გამოთქვეს ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, დეკანოზმა ბიძინა გუნიამ, დეკანოზმა ლონგინოზ სუარიშვილმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა  სერგო ვარდოსანიძემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გვანცა კოპლატაძემ.  
სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიამ, თსას-ის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის თავმჯდომარეობით, უმაღლესი ქულით შეაფასა  ცოტნე გიგიბერიას კვლევა და მას ერთხმად  მიენიჭა თეოლოგიის მაგისტრის ხარისხი. 
 
 
 
15.11.2023

FaceBook გვერდი