პოლონელი სტუმრების ბოლო ლექცია

ხუთშაბათს, 9 ნოემბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ერაზმუს + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პოლონელმა სტუმრებმა ბოლო ლექციები ჩაატარეს. მსმენელთა წინაშე წარდგნენ ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიის პროფესორი, სუპრასლის ეპისკოპოსი ანდრია (ბორკოვსკი) და ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიის პროფესორი, თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი იეჟი ოსტაპჩუკი.
ეპისკოპოს ანდრიას ლექციის თემა იყო „საეკლესიო უნია, როგორც რომის კათოლიკურ ეკლესიასთან საღვთისმეტყველო დიალოგის პრობლემა“. თავდაპირველად მომხსენებელმა განმარტა, რომ სიტყვა უნია, ნიშნავს გაერთიანებას. ეს, მართლაც, არის ეკლესიათა გაერთიანება, რომელიც XVI საუკუნის ბოლოდან შემოიღო რომის კათოლიკურმა ეკლესიამ, რათა ადმინისტრაციული და იურიდიული თვალსაზრისით, მართლმადიდებლები საკუთარ დაქვემდებარებაში მოექცია. აღმოსავლეთ ეკლესიებში ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ეს იყო ძალადობრივი პროცესი, რომელიც გაგრძელდა XIX საუკუნის დასაწყისამდე. ამ პერიოდისათვის უნიატური ეკლესიის მრევლის 90% დაუბრუნდა მართლმადიდებელ ეკლესიას. თუმცა დღეს პოლონეთის დასავლეთ ნაწილში ორი მილიონი უნიატი ცხოვრობს.
უნიის შემოღებამ პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიასა და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის ურთიერთობა გაამწვავა. ეს სხვა მეზობელი ქვეყნების ეკლესიათა პრობლემაცაა. უნიატები ღვთისმსახურების წესისა და შესამოსლის მიხედვით მართლმადიდებელთა წესებს მისდევენ, მაგრამ მათ აქვთ კათოლიკური დოგმატიკა და იურიდიულად რომის კათოლიკურ ეკლესიას ემორჩილებიან.
1964 წელს III საერთომართლმადიდებელთა კონფერენციაზე, როდოსზე, დაისვა საკითხი უნიის გაუქმებისა და მისი მრევლის შეერთებისა მართლმადიდებელ ან კათოლიკურ ეკლესიებთან (სურვილის მიხედვით). იგივე საკითხი განიხილეს 1990 წელს ავსტრიასა და გერმანიაში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გულისხმობდა დიალოგს საღვთისმეტყველო საკითხებზე.
ამ შეხვედრებზე საბოლოოდ ითქვა უარი უნიაზე და მას უწოდეს გაერთიანების შუასაუკუნეობრივი მეთოდი. ოფიციალურად გაცხადდა, რომ უნიატურმა ეკლესიამ გაერთიანების ნაცვლად უფრო მეტი განხეთქილება მოიტანა მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის. უნია დაგმეს რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებმაც და მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც აცხადებდა, რომ ვატიკანი უშუალოდაა პასუხისმგებელი უნიის პრობლემაზე.
საბოლოოდ ეს შეთანხმება მოსაწონი არ აღმოჩნდა რომის პაპისათვის. მან სცადა მისი ნეიტრალიზაცია. შეთანხმების გამოქვეყნება აიკრძალა ვატიკანის ოფიციალურ გამოცემებში. ეს დიდი დაბრკოლება აღმოჩნდა გულწრფელი დიალოგისათვის და საეკლესიო უნია კვლავ პრობლემად დარჩა. თუმცა ზემოხსენებული შეხვედრების დიდ დამსახურებად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისა და რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ პრინციპულ საკითხზე: უნია არ არის ეკლესიათა ერთობის ნიმუში.
ამის შემდეგ პოლონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს დიალოგი ვატიკანთან უნიის პრობლემაზე, თუმცა იგი დღემდე მხარს უჭერს მისი გაუქმების საკითხს.
ლექციის ბოლოს მომხსენებელმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა.
იეჟი ოსტაპჩუკის ლექციის თემა საღვთისმსახურო სახარებები იყო. მომხსენებელმა ზოგადად განიხილა კირილიცურ და ბერძნულ ბეჭდვით საღვთისმსახურო სახარებებში ჩართული დამატებითი ტექსტები, უფრო ზუსტად კი - მახარებელთა მოკლე ცხოვრებანი, რომელსაც ქართულად ვუწოდებთ „შესხმას“. ბეჭდვით საღვთისმსახურო სახარებებში მახარებელთა «შესხმათა» ჩართვა XVII საუკუნის შუა წლებიდან გვხვდება. მომხსენებელი დაინტერესებულა ამ შესხმათა ავტორების ვინაობის საკითხით. ერთ-ერთი ავტორი იყო ვინმე სოფრომი, მომხსენებელმა გამოიკვლია სოფრონის ვინაობის საკითხი და დაადგინა, რომ იგი იყო ნეტარი იერონიმეს ბერძენი მოწაფე, რომელმაც ლათინურიდან ბერძნულად თარგმნა მახარებელთა ეს მოკლე ცხოვრებანი. შეხვედრა, ტრადიციისამებრ, კითხვა-პასუხით დასრულდა.
09.11.2023

FaceBook გვერდი