2023 წლის 9 ნოემბერს
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასა და შოთა რუსთაველის
სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს შორის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნულ მემორანდუმს ხელი
მოაწერეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიას
რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა,
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ და თსუ შოთა რუსთაველის სახელობის
ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა
დოქტორმა, პროფესორმა ირმა რატიანმა. ხელმოწერის ღონისძიებას
ესწრებოდნენ თსას-ისა და ლიტერატურის ინსტიტუტის
წარმომადგენლები.
მემორანდუმი მიზნად ისახავს
მხარეებს შორის სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და კვლევითი
ხასიათის ურთიერთთანამშრომლობას. ერთობლივი პროექტების, გამოფენებისა
და კონფერენციების ორგანიზებას.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის
დასრულების შემდეგ ქალბატონმა ირმა რატიანმა
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებსა და
პროფესორ-მასწავლებლებს ვრცლად, მეტად საინტერესოდ მოუთხრო
ლიტერატურის ინსტიტუტის წარსულის, აწმყოსა და სამერმისო
პერსპექტივების შესახებ, ისაუბრა ამ ორი ინსტიტუციის - თსას-ისა და
ლიტერატურის ინსტიტუტის - ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
ლექციის დასრულების შემდეგ საუბარი
კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. დიალოგში მონაწილეობდნენ შოთა
რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წარმომადგენლები -
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ივანე ამირხანაშვილი,
ფილოლოგიის დოქტორი, ინსტიტუტის სწავლული მდივანი მირანდა
ტყეშელაშვილი და ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ლილი
მეტრეველი. სტუმრებს მობრძანებისა და საინტერესო საუბრისთვის
მადლობა გადაუხადა თსას-ის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის
ხელმძღვანელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ლელა
ხაჩიძემ და საჩუქრად გადასცა თსას-ის გამომცემლობის მიერ დასტამბული
წიგნები.
თავის მხრივ, ქ-მა ირმა რატიანმა
სასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას ინსტიტუტის მიერ
ბოლო წლებში გამოცემული რამდენიმე მნიშვნელოვანი კრებული
უსახსოვრა. დღემ ყველასათვის საინტერესოდ და
ნაყოფიერად ჩაიარა.