პოლონელ სტუმართა ლექციები

დღეს, 2023 წლის 6 ნოემბერს, ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას ეწვივნენ - პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის წევრი, ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიის პროფესორი, სუპრასლის ეპისკოპოსი ანდრია (ბორკოვსკი) და ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიის პროფესორი, თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი  - იეჟი ოსტაპჩუკი. 
ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიის პროფესორმა, სუპრასლის ეპისკოპოსმა ანდრიამ (ბორკოვსკი) ვრცლად ისაუბრა მე-16 საუკუნეში მსოფლიოში მიმდინარე მძაფრი პოლიტიკური და სარწმუნოებრივი  დაპირისპირების ფონზე პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის შესახებ.  აღნიშნა, რომ მე-16 საუკუნეში პოლონეთის კათოლიკური ეკლესიის წიაღში წარმოიშვა დიდი   დაპირისპირება კათოლიკეებსა და ახლად ფორმირებული პროტესტანტული მიმართულების წარმომადგენელებს შორის. მათ საპირწონედ პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც აყალიბებდა საძმოებს მართლმადიდებლური რწმენის განსამტკიცებლად. ამ საძმოთა დასახმარებლად  კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იერემიამ (მე-16 ს.) პოლონეთში სამოღვაწეოდ მიავლინა მიტროპოლიტი არსენი, რომელმაც, ბიზანტიური საგანმანათლებლო ტრადიციის თანახმად, პოლონეთში დააარსა მართლმადიდებლური სკოლები, შეადგინა სლავურ-ბერძნული გრამატიკის სახელმძღვანელო. მიტროპოლიტ არსენის მოღვაწეობამ, მისმა მისიონერულმა ღვაწლმა მყარი საფუძველი შეუქმნა პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სიმტკიცესა და ერთიანობას. ამ დიდი დამსახურებისათვის პოლონეთის ეკლესიამ მიტროპოლიტი არსენი წმინდანად შერაცხა.
მე-16 საუკუნის ბოლოს პოლონეთის მართლმადიდებელ ეკლესიას  განსაკუთრებული საფრთხე დაემუქრა - კათოლიკურ ეკლესიასთან დაიდო უნია (შეთანხმება გაერთიანების შესახებ). პოლიტიკური ვითარება, რომელშიც ამ დროს პოლონეთის სახელმწიფო აღმოჩნდა, აიძულებდა მას ამ უნიაში მონაწილეობას. მომხსენებელმა ფართოდ მიმოიხილა ისტორიული ფონი, ისაუბრა იმ სირთულეებზე, დევნა-შევიწროებასა და გამოწვევებზე, რომელშიც აღმოჩნდა პოლონეთის მართლმადიდებლური ეკლესია. მართლმადიდებლობის დაცვისა და განმტკიცების მიზნით კონსტანტინოპოლის პატრიარქმა პოლონეთის ეკლესიაში ეგზარქოსად მიავლინა ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლული, განათლებული და, ამასთანავე, ჩინებული დიპლომატი, არქიდიაკონი ნიკიფორე. ეპისკოპოსმა ანდრიამ ვრცლად ისაუბრა ეგზარქოს ნიკიფორეს ცხოვრების, საქმიანობისა და მოწამებრივი აღსასრულის შესახებ. აღნიშნა, რომ წმინდა ეგზარქოს ნიკიფორეს მოღვაწეობის შედეგად პოლონეთში დაიწყო მართლმადიდებლობის ახალი ერა. ამ დამსახურებებისა და მოწამებრივი აღსასრულის გამო საბერძნეთისა და პოლონეთის ეკლესიებმა  იგი წმინდანად შერაცხეს. 
მეორე მომხსენებლის, იეჟი ოსტაპჩუკის, დღევანდელი ლექციის თემა იყო საღვთისმეტყველო განათლება პოლონეთში. მომხსენებელმა ისაუბრა პოლონეთის ისტორიის ორ უმნიშვნელოვანეს თარიღზე: დამოუკიდებლობის აღდგენისა (1918წ.) და მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვების (1924 წ.) ეპოქაზე, საღვთისმეტყველო განათლების მდგომარეობაზე შემდგომ პერიოდში. როგორც პოლონელმა სტუმარმა განაცხადა, 1918-1925 წლებში თეოლოგიის საკითხების შესწავლა მხოლოდ სემინარიაში იყო შესაძლებელი. 1922 წელს შედგა დროებითი შეთანხმება მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, ეს შეთანხმება, რასაკვირველია, განათლების საკითხებსაც ეხებოდა. სწავლება პოლონურ ენაზე უნდა წარმართულიყო და პროგრამასაც სახელმწიფო ამტკიცებდა. 1925 წლიდან კი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება უკვე ვარშავის უნივერსიტეტში ისწავლებოდა. მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ფაკულტეტი თანამშრომლობდა შესაბამის ფაკულტეტებთან ბუქარესტის, სოფიის, ბელგრადის, პარიზის უნივერსიტეტებში. ფაკულტეტის არსებობის თხუთმეტი წლის განმავლობაში აქ ასწავლიდნენ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები; უპირველესად, აღსანიშნავია არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე, რომელმაც თავად მიიღო საღვთისმეტყველო განათლება პოლონეთში, შემდეგ - ბერნსა და ბერლინში. 1951 წელს დაარსდა საღვთისმეტყველო ლიცეუმი, რომელიც მოგვიანებით სემინარიად ჩამოყალიბდა და იგი დღემდე ფუნქციონირებს. ხოლო 1954 წელს ვარშავაში  ქრისტიანული საღვთისმეტყველო აკადემია დაფუძნდა (კათოლიკური და ლუთერანული მიმართულებებისა), რომელსაც ორ წელიწადში მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ფაკულტეტიც დაემატა. ამ დროიდან მართლმადიდებელ ეკლესიას პოლონეთში აქვს შესაძლებლობა, თავის ღვთისმსახურებს სამშობლოშივე მისცეს საუნივერსიტეტო განათლება. დღეს ფაკულტეტი იღებს სტუდენტებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე.
პოლონელი სტუმრების ლექციებს ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ორივე შეხვედრის ბოლოს საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. 
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლექციები კიდევ სამ დღეს გაგრძელდება.
 
 
 
 
06.11.2023

FaceBook გვერდი