2 ნოემბერს თბილისის სასულიერო
აკადემიამ და სემინარიამ ცნობილ ქართველ პოეტს მანანა ჩიტიშვილს
უმასპინძლა.
პოეზია ღმერთისკენ მიმავალი გზაა.
ღვთის სამსახურში ვარ, ღვთის მადლი მფარველობს და წარმართავს ჩემს
პოეზიას. ლექსი ყოველთვის ძალიან სერიოზული საქმე იყო ჩემთვის.
სიტყვისადმი პასუხისმგებლობა ყველა ასაკში მქონდა. ყოველთვის იმ
ერთადერთ სიტყვას ვეძებდი, რომელიც ყველაზე ზუსტად გამოხატავდა ჩემს
სათქმელს, - ამ სიტყვებით წარსდგა მანანა ჩიტიშვილი აუდიტორიის
წინაშე. ამ შეხვედრაზე იგი მთხრობელიც იყო და მთქმელიც. მისმა
პიროვნულმა ღირსებებმა, პოეზიის სიღრმემ და ხატოვანებამ
განსაკუთრებული ხიბლი, ემოციური მუხტი, სითბო და სინათლე შესძინა
შეხვედრას.
პოეტმა ისაუბრა შემოქმედებითი გზის
დასაწყისზე, როდესაც მისი ლექსები პირველად დაიბეჭდა „ლიტერატურულ
საქართველოში“, პირველ წიგნზე, რომელიც 25 წლის ასკში გამოსცა,
სირთულეებსა და სიხარულზე, რომელიც თან ახლდა შემოქმედებით
პროცესს.
მადლობელი ვარ, რომ ქსნის ხეობაში
გავიზარდე, - თქვა პოეტმა, - ჩემს ლექსიკას მთლიანად ამ ხეობას
ვუმადლი, ქართლური დიალექტური ფორმები მკვიდრობს ჩემს პოეზიაში და
სიტყვები, რომლებიც ჩემი წინაპრებისგან მივიღე, ცოცხალად შემოვინახე.
აქ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ახალგაზრდებთან შესახვედრად
მოვედი, რადგანაც სწორედ ახალი თაობაა ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე.
თუ ახალგაზრდობა დაინტერესდება შენი შემოქმედებით, ეს პოეზიის
უკვდავებას ნიშნავს, ამ შეხვედრაზე მე ვიგრძენი ახალგაზრდების
დაინტერესება და ბედნიერი ვარ ,- აღნიშნა პოეტმა.
მან მადლობა გადაუხადა თბილისის
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი
ზვიადაძეს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, თბილი და
საინტერესო შეხვედრისთვის, ბიბლიოთეკას კი საჩუქრად გადასცა 2020 წელს
გამოცემული ლექსების კრებული - „რანაირი გაზაფხული მოვა“.
შეხვედრის ბოლოს საუბარი
კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. სტუმარს მობრძანებისა და
საინტერესო შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადეს ლიტურგიკისა და
სამოძღვრო-ღვთისმეტყველების კათედრის გამგემ, არქიდიაკონმა დემეტრე
დავითაშვილმა, ფსიქოლოგიის კათედრის გამგის თანაშემწემ ეკა
ფავლენიშვილმა.
შეხვედრას მუსიკალურად აფორმებდა
თსას-ის მგალობელთა გუნდი ლაშა ზაალიშვილის ხელმძღვანელობით.