საჯარო ლექცია

2023 წლის 23 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა დონის სასულიერო სემინარიის დოცენტის, სისტემური ღვთისმეტყველებისა და ფილოსოფიის კათედრის გამგის ივან ულიტჩევის საჯარო ლექცია თემაზე: „პიროვნების ღვთისმეტყველება და მართლმადიდებლური ტრადიცია”.
მკვლევარმა თავის მოხსენებაში მიმოიხილა ანტიკური და ქრისტიანული მოძღვრებანი ადამიანის შესახებ. ისაუბრა პიროვნების - როგორც თავისუფალი ნების მქონე ინდივიდის - არსზე და აღნიშნა, რომ პიროვნების საზრისის აღქმა-შეცნობა მხოლოდ იმ მოძღვრებით გახდა შესაძლებელი, რომელმაც სამყარო და ადამიანი უზენაესი ღმერთის ქმნილებად გამოაცხადა. ივან ულიტჩევმა ისაუბრა ცნებათა - ინდივიდი და პიროვნება - შესახებ: „სანამ ჩვენ არ გამოვალთ საკუთარი „მე“-ს ეგოცენტრული შეზღუდულობიდან, ჩვენ მხოლოდ ინდივიდები ვართ და არა პიროვნებანი. როდესაც განღმრთობის გზას დავადგებით, ე.ი., როდესაც ჩვენ ვთავისუფლდებით ჩვენი ინდივიდუალური ყოფის შეზღუდულობიდან და გული სიყვარულით გვევსება - თავს ღმერთსა და მოყვასს ვუძღვნით და სწორედ მაშინ იბადება პიროვნება. სხვა სიტყვებით, საკუთარ თავს ვპოულობთ იქ, სადაც ჩვენი „მე“ ხვდება ღვთის „შენ“-სა და მოყვასის „შენ“-ს, იმიტომ რომ სწორედ განღმრთობის პროცესში, რისთვისაც ჩვენ ვართ შექმნილები, შეგვიძლია ბოლომდე, გულწრფელად, ეგოიზმის გარეშე გავუხსნათ გული ერთმანეთს“.
მომხსენებელმა ისაუბრა სიტყვისა და საქმის მნიშვნელობაზე ქრისტიანის ცხოვრებაში და თავისი გამოსვლა დაასრულა სიტყვებით: „მინდა ვთქვა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ გამოცდილება უპირატესობას ანიჭებს არა სიტყვას (თუმცა ძალზე მნიშვნელოვანია გამოცდილებაზე დაფუძნებული სიტყვის ძალა), არამედ თვით ცხოვრებას ღმერთში, მასთან თანამყოფობას“. მომხსენებელმა ღირსი ისიდორე პელუსიოტის სიტყვები მოიხმო: „ღვთივსათნო ცხოვრებას სიტყვის გარეშე მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე სიტყვას მართალი ცხოვრების გარეშე. რადგან მდუმარება გეხმარება, ხოლო ყვირილი შემაფერხებელია. მაგრამ თუ სიტყვა და საქმე ერთმანეთს თანხვდება, ეს უკვე უმაღლესი ფილოსოფიაა.
ლექციის თემატიკა მსმენელთათვის მეტად საინტერესო იყო. მომხსენებელმა ამომწურავად უპასუხა აუდიტორიის მხრიდან დასმულ შეკითხვებს.
23.10.2023

FaceBook გვერდი