პანაშვიდი

დღეს, 20 ოქტომბერს სიონის საკათედრო ტაძარში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სასწავლებლის სასულიერო პირებთან და სიონის ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გარდაცვლილ პროფესორ-მასწავლებელთა0, სტუდენტთა და თანამშრომელთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
პანაშვიდს ესწრებოდნენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
მსახურების დასასრულს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ისაუბრა გარდაცვლილ პროფესორ-მასწავლებელთა ღვაწლზე აკადემიის, ეკლესიისა და ერის წინაშე. აღნიშნა, რომ ბევრი მათგანი სასწავლებლის დაარსების დღიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოწვევით მოღვაწეობდა აქ და მათ სახელთან დიდწილად არის დაკავშირებული თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დღევანდელი წარმატება, მიღწევები სამეცნიერო და საღვთისმეტყველო მიმართულებით. მათი ცოდნა, გამოცდილება კი ბევრი სტუდენტისათვის სამეცნიერო, ინტელექტუალური და საეკლესიო მოღვაწეობის საწინდარი გახდა.
გარდაცვლილ პედაგოგთა და სტუდენტთა მოსახსენებელი დიდი პანაშვიდი ყოველწლიურად სრულდება სიონის საკათედრო ტაძარში. ამ მსახურებით თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია პატივს მიაგებს, გამოხატავს მოწიწებას, სიყვარულსა და მადლიერებას გარდაცვლილი პედაგოგების, სტუდენტებისა და თანამშრომლებისადმი. ღრმად მწამს, რომ ჩვენი ლოცვა ღვთის წინაშე მათთვის, ვინც ამ წუთისოფელში აღარ იმყოფება, შემწე და მანუგეშებელია - ბრძანა მამა გიორგი ზვიადაძემ.
მსახურებაზე გალობდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მგალობელთა გუნდები ლაშა ზაალიშვილისა და ლექსო გრემელაშვილის ხელმძღვანელობით.
20.10.2023

FaceBook გვერდი