თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე გულითადად
ულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, საქართველოს
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს - ბ-ნ დავით გურგენიძეს
- საიუბილეო თარიღს, დაბადებიდან 60 წელს.
აკადემიკოსი, პროფესორი,
საქართველოს დამსახურებული მშენებელი დავით გურგენიძე 2020 წლიდან
არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. იგი, წინამორბედი
რექტორების მსგავსად. უდიდესი პასუხისმგებლობითა და კვალიფიციურობით,
ღირსეულად აგრძელებს უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი
საქმიანობის ასწლოვან ტრადიციას.
ბატონი დავით გურგენიძის
მხარდაჭერითა და თანადგომით ტექნიკურ უნივერსიტეტში დღესაც წარმატებით
ფუნქციონირებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა
და უნეტარესის - ილია მეორის - ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს რამაზ ხუროძის
თაოსნობით დაფუძნებული თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი,
რომელსაც ხელმძღვანელობს მანგლელი მიტროპოლიტი, ისტორიის მეცნიერებათა
დოქტორი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ანანია(ჯაფარიძე).
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს,
ბატონი დავით გურგენიძის რექტორობის დროს, უწმიდესმა და უნეტარესმა,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განათლებისა და
მეცნიერების განვითარებისა და ქვეყნის აღორძინებაში შეტანილი
გამორჩეული წვლილისათვის, დაარსებიდან მე-100 წლისთავთან
დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიანიჭა საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმინდა გიორგის ოქროს
ორდენი.
თსას-ის რექტორი, პროტოპრესვიტერი
გიორგი ზვიადაძე უდიდესი პატივისცემით ულოცავს ბატონ დავითს იუბილეს,
უსურვებს სულიერ მხნეობასა და სიმტკიცეს, ნაყოფიერ
სამეცნიერო-აკადემიურ მოღვაწეობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს ერისა
და ქვეყნის საკეთილდღეოდ.