მარტყოფის სიწმინდეთა მოლოცვა

12 ოქტომბერს თბილისის სასულიერო სემინარიის ფაკულტეტის სტუდენტებმა ამავე ფაკულტეტის დეკანის, მღვდელ გიორგი ვაშალომიძის, დეკანის თანაშემწის მაია ეფრემიძის ხელმძღვანელობითა და პედაგოგების - გიორგი თოდუასა და ლაშა ზაალიშვილის თანხლებით მარტყოფის ყოველთა წმინდანთა სახელობისა და ღვთაების მამათა მონასტრები მოილოცეს.
მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ ანტონ მარტყოფელის საფლავთან აღასრულა პარაკლისი და, ამასთანავე, გადაიხადა პანაშვიდი ჩვენი გმირი წინაპრებისა და ყოველთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთა სახელზე. გალობდა სასულიერო სემინარიის გუნდი ლაშა ზაალიშვილის ხელმძღვანელობით.
მომლოცველებს ყოველთა წმინდათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ელისემ უმასპინძლა. მონასტერთან არსებულ საკონფერენციო დარბაზში სტუდენტთათვის საგანმანათლებლო ხასიათის ლექცია-სემინარი გაიმართა. აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით წარდგნენ ახალი აღთქმის პედაგოგი გიორგი თოდუა და სემინარიის დეკანი, მღვდელი გიორგი ვაშალომიძე. გაიმართა საინტერესო დისკუსია. მსჯელობდნენ, საგულისხმო მოსაზრებებს გამოთქვამდნენ სტუდენტებიც.
სტუმარ-მასპინძელთა გულითადი ურთიერთობა და სულისმარგებელი საუბრები ტრაპეზზეც გაგრძელდა. დღე ყველასათვის სასიამოვნო და ნაყოფიერი იყო.
16.10.2023

FaceBook გვერდი