7 აპრილს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროში გაიმართა ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის
მეგობრები - საქართველოს“ მიერ პირველად ორგანიზებული -
,,ახალგაზრდული ფორუმი მდგრადი განვითარებისა და
ევროინტეგრაციისათვის“ - დასკვნითი ღონისძიება. საქართველოს
სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან ერთად ფორუმში
მონაწილეობდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის
სტუდენტებიც. ღონისძიება პანელური ხასიათისა იყო, სტუდენტებმა
წარმოადგინეს თავიანთი ხედვები და მოსაზრებები გაეროს მდგრადი
განვითარების 17 მიზანთან დაკავშირებით. მიზნის - „სოციალური ინკლუზია
და ევროინტეგრაცია“ - ფარგლებში მოხსენებებით წარდგნენ თბილისის
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ფსიქოლოგიის
ფაკულტეტის სტუდენტები - გიორგი გეგიძე (II კურსი) და ლიკა ჟვანია (I
კურსი). გიორგი გეგიძის მოხსენების თემა იყო „ცხოვრების ჯანსაღი წესი
და კეთილდღეობა ქრისტიანული ანთროპოლოგიის ჭრილში“, ხოლო ლიკა ჟვანიამ
წაიკითხა მოხსენება თემაზე - „ადამიანის რაობა და არსი“. არქიტექტურის
მიმართულების III კურსის სტუდენტმა ნინო გრიგალაშვილმა მონაწილეობა
მიიღო მიზნის - „ეკონომიკური განვითარება და ევროინტეგრაცია“ -
განხორციელებისათვის მომუშავე სტუდენტთა ჯგუფში. მისი მოხსენების თემა
იყო „მდგრადი, მწვანე არქიტექტურა - ეკოლოგიური რევიტალიზაცია და
სოციალური პროგრამები.“ ღონისძიების ორგანიზატორებმა განსაკუთრებული
მადლობა გადაუხადეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის
წარმომადგენლებს ფორუმში მონაწილეობისა და საინტერესო, კვალიფიციური
მოხსენებებისათვის.