გარდაიცვალა პროფესორი ლეილა გეგუჩაძე

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი სასწავლებლის ქართული ენის პედაგოგი, მრავალი თაობის აღმზრდელი, პროფესორი ლეილა გეგუჩაძე. 
ქალბატონ ლეილას სამეცნიერო-პედაგოგიური გზა, რასაკვირველია, იწყება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სადაც იგი ახალი ქართული ენის კათედრის მასწავლებელია 1967 წლიდან. მოგვიანებით, 1974 წელს, იგი იცავს დისერტაციას ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად; 1979 წლიდან - ზემოხსენებული კათედრის დოცენტია, 2006-2009წწ.-ში ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტის  ასოცირებული პროფესორი, 2010 წლიდან კი  საპატიო პროფესორია.  
ქალბატონი ლეილა გახლავთ მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი, იგი მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში, იყო ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, რამდენიმე საკანდიდატო დისერტაციის ოფიციალური ოპონენტი თუ სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი. 
განსაკუთრებულად ნაყოფიერი იყო ქალბატონი ლეილა გეგუჩაძის პედაგოგიური მოღვაწეობა. ათეული წლების განმავლობაში  იგი ახალი ქართული ენის კურსს უკითხავდა უნივერსიტეტელ ჰუმანიტართა თაობებს ფილოლოგიისა თუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტებზე, ხელმძღვანელობდა სტუდენტთა საენათმეცნიერო წრეს; 1997-2006 წწ.-ში მისი ხელმძღვანელობით გამოიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა (შემდგომ-ჰუმა¬ნიტარული ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერ-ფილოლოგთა) შრომების ათი ტომი.
ქალბატონი ლეილა 1994 წლიდან თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქართული ენის პედაგოგი იყო. 2012 წლიდან ამავე სასწავლებლის პროფესორი და სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი. 
ათეულ წელზე მეტია, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სამეცნიერო ნააზრევის გაცვლა-გაზიარების ტრადიცია - სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციები.
პროფესორი ლეილა გეგუჩაძე, ქართული სამეცნიერო-პედაგოგიური სკოლის პირველ მასწავლებელთა ღირსეული მემკვიდრე, უმცროსი კოლეგებისათვის ჯანსაღი თანამშრომლობის მაგალითი იყო. იგი ცდილობდა, მომავალი სასულიერო პირებისათვის, თითოეული სტუდენტისათვის, მრავალსაუკუნოვანი მშობლიური ენის თავისებურებების გარდა, ესწავლებინა პასუხისმგებლობა, პრინციპულობა, თავდადება, კეთილსინდისიერება და საქმის სიყვარული.
პროფესორი ლეილა გეგუჩაძე თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. 
 
მართალთა თანა განუსვენოს უფალმა!
 
25.03.2023

FaceBook გვერდი