თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

2023 წლის 24 მარტს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩატარდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისადმი  მიძღვნილი ღონისძიება. ისტორიის აკადემიურმა დოქტორებმა- ე. ფავლენიშვილმა და დ.ლაშხმა-  წაიკითხეს აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებული მოხსენებები. გთავაზობთ ამ მოხსენებების დაკვნით ნაწილს.

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის   ავტოკეფალიის აღდგენა
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვის დღიდან ქართველ ხალხს არასოდეს შეუწყვეტია ბრძოლა მისი აღდგენისთვის და არასოდეს შეგუებია ბედს. ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდნენ „თერგდალეულებიც“.
XIX საუკუნის ბოლოსთვის უთანხმოება რუსულ საეკლესიო მმართველობასა და ქართველ ხალხს შორის თანდათან ღრმავდებოდა. XX საუკუნე თავად რუსეთშიც დიდი არეულობითა და სოციალური დაპირისპირებებით დაიწყო, რასაც რევოლუციები მოჰყვა. ქართველმა ავტოკეფალისტებმა არეული ვითარებით ისარგებლეს და გააძლიერეს ბრძოლა მიზნის მისაღწევად. რუსეთის უწმინდესი სინოდის წინაშე კატეგორიულად დაისვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი. ამ მოძრაობაში სასულიერო პირებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულნი საერო პირებიც.
1906 წლის იანვარში პეტერბურგში გაიმართა ორი სხდომა, რომლებზეც  ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი განიხილებოდა. სხდომას ესწრებოდნენ ეპისკოპოსები კირიონი და ლეონიდე, ასევე, ნიკო მარი, ალექსანდრე ცაგარელი და ალექსანდრე ხახანაშვილი. რუსეთის მხარის წარმომადგენლების გარდა სხდომას ესწრებოდა ობერპროკურორი ობოლენსკი.
სიმართლე აშკარად ქართველი ეპისკოპოსების მხარეს იყო და ზოგიერთ საკითხში მათ მოახერხეს კიდეც კრების დამსწრეთა განწყობა სათავისოდ შემოებრუნებინათ, თუმცა ეს დიდი ძალისხმევის ფასად მოხდა. ქართველები სიტყვას არ უთმობდნენ მოწინააღმდეგეებს. კამათმა მწვავე ხასიათი  მიიღო.  ეპისკოპოსები  - კირიონი და ლეონიდე- ნამდვილ ბრძოლაზე გადავიდნენ. მდგომარეობა ისე დაიძაბა, რომ ნიკო მარმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. როდესაც რუსებს მეტი გზა აღარ დარჩათ, დაასკვნეს, რომ სინოდის მიერ საგანგებოდ შექმნილ კომისიას უნდა განეხილა ეს საკითხი.
ქართველმა სასულიერო პირებმა ისარგებლეს რუსეთის მონარქიის დაცემით შექმნილი მდგომარეობით და 1917 წლის 12 მარტს, კვირას, მცხეთის საკათალიკოსო ტაძარში გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ წაიკითხა უდიდესი მნიშვნელობის გადაწყვეტილება, რომ აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.
აღნიშნული დოკუმენტის მიღება ავტოკეფალიური მოძრაობის ლოგიკური დასასრული იყო. ამის შემდეგ ქართველმა სასულიერო პირებმა დაიწყეს აქტიური მუშაობა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებისათვის. განჩინების შესახებ ეცნობა რუსეთის ხელისუფლებას, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, სინოდის ობერპროკურორსა და, ასევე, კავკასიის კომისარიატს თბილისში.
1990 წელს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დიდი მცდელობით, მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიურობა. ეს იყო ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის საზეიმო და საბოლოო აღიარება.
ეკატერინე ფავლენიშვილი - ისტორიის აკადემიური დოქტორი
 
რუსეთის დროებითი მთავრობა და საქართველოს ახლადაღდგენილი ეკლესია
1917 წლის 12 (25) მარტს სვეტიცხოვლის ტაძარში ღვთისმასახურების დასრულების შემდეგ, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ამცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. მას შემდეგ, რაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღდგენილად გამოცხადდა, დღის წესრიგში დადგა საკითხი, რომ შექმნილიყო საქართველოს ეკლესიის დროებითი მართველობის საბჭო, რომელსაც დაევალა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების შემუშავება და საქართველოს კათალიკოს -პატრიარქის არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა.
საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის საბჭოს ერთ-ერთ გამოწვევას ასევე წარმოადგენდა რუსეთის დროებით მთავრობასა და ამიერკავკასიის კომისარიატთან მუშაობა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხებთან დაკავშირებით.
რუსეთის დროებითი მთავრობა და წმინდა სინოდი მხარს უჭერდა საქართველოს ეკლესიის ეროვნულ (ნაციონალურ) ავტოკეფალიას, რაც მიუღებელი იყო საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის საბჭოსათვის, რადგან საქართველოს ეკლესიის ეროვნული ავტოკეფალიის აღდგენას, შესაძლოა, გამოეწვია ეთნიკური თვალსაზრისით დაპირისპირება. ამიტომ საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის საბჭო მიზანშეწონილად თვლიდა საქართველოს ეკლესიის  ტერიტორიული ავტოკეფალიის აღდგენას.
1917 წლის აპრილში რუსეთის დროებითმა მთავრობამ საქართველოში გამოგზავნა საეკლესიო საქმეთა გადამწყვეტი კომისარი, პროფესორი ვლადიმერ ბენეშევიჩი, რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხების გარკვევა. საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის საბჭომ გამოყო პროფ. ვ. ბენეშევიჩთან სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ეპისკოპოს ანტონ გიორგაძის, დეკანოზ კორნელი კეკელიძის, დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის, დეკანოზ კალისტრატე ცინცაძისა და სერგო გორგაძის შემადგენლობით.
საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის საბჭოს მიერ გამოყოფილ სამუშაო ჯგუფს დაევალა, რომ პროფ. ვლადიმერ ბენეშევიჩთან შეხვედრის დროს მოეთხოვათ საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალიის აღდგენა, რაზეც პროფ.ბენეშევიჩმა უარი განაცხადა და ქართულ მხარეს შესთავაზა საქართველოს ეკლესიის ნაციონალური ავტოკეფალიის აღდგენა.
1917 წლის 14 აპრილს საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის საბჭოს კრება გაიმართა, რომელზეც  სიტყვით გამოვიდა დეკანოზი კორნელი კეკელიძე. მან საბჭოს წევრებს გააცნო პროფ. ვლადიმერ ბენეშევიჩის პოზიცია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. ცხადად გამოჩნდა, რომ პროფ.ვ. ბენეშევიჩი  ახმოვანებდა რუსეთის დროებითი მთავრობისა და წმინდა სინოდის ოფიციალურ პოზიციას. ქართულმა მხარემ  ვერ დაინახა სხვა გზა და მიიღო გადაწყვეტილება,  დროებით დათანხმებოდნენ საქართველოს ეკლესიის ნაციონალური ავტოკეფალიის აღდგენას.
1917 წლის ივნისში გადაწყდა, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისა და მართვა- გამგეობის დებულების დასამტკიცებლად შექმნილიყო კომისია ეპისკოპოს ანტონის(გიორგაძის), არქიმანდრიტ ამბროსისა (ხელაიას) და დეკანოზ კალისტრატე ცინცაძის შემადგენლობით, რომლებიც უნდა წასულიყვნენ პეტერბურგში და შეხვედროდნენ რუსეთის დროებითი მთავრობის წევრებს.
1917 წლის ივნისში ქართული დელეგაცია ჩავიდა პეტერბურგში და 17 ივნისს შეხვდნენ ჯერ სინოდის ობერპროკურორ ლვოვს, შემდეგ რუსეთის სარწმუნოების მინისტრ კარტაშევსა და სინოდის წევრს, ეპისკოპოს ანდრიას (უფელი). რუსულმა მხარემ უცვლელად  შეინარჩუნა პირვანდელი პოზიცია და საქართველოს ეკლესიის ნაციონალური ავტოკეფალიის აღდგენას მიემხრო.
საქართველოს ეკლესიის დელეგაცია, კარლო ჩხეიძის დახმარებით, შეხვდა რუსეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე კერენსკის, რასაც მალევე მოჰყვა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების დამტკიცება, რომელშიც ჩაიწერა, რომ ქართული ეკლესიის მწყემსმთავარი უნდა მოხსენიებულიყო ,, სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქად’’, თუმცა მოგვიანებით რუსეთის დროებითმა მთავრობამ შეიტანა ცვლილება და ჩაწერა ,,ქართველთა პატრიარქი’’, რითიც შეინარჩუნა პირვანდელი პოზიცია საქართველოს ეკლესიის ნაციონალური ავტოკეფალიის თაობაზე.
მიუხედავად ასეთი დიდი ზეწოლისა, საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობის საბჭომ შეძლო 1917 წლის 8 სექტემბერ ჩაეტარებინა საქართველოს ეკლესიის კრება, რასაც მალევე 1917 წლის 17 სექტემბერს მოჰყვა კათალიკოს-პატრიარქის არჩევნები და სრულიად საქართველოს კათალიკოს -პატრიარქად არჩეულ იქნა კირიონ II.
დურმიშხან ლაშხი - ისტორიის აკადემიური დოქტორი
 
 
 
24.03.2023

FaceBook გვერდი