ცნობილია, რომ მართლმადიდებელი
ეკლესიის უდიდესი ღვთისმეტყველის - წმინდა გრიგოლ პალამას თხზულებაში
- „წმინდა მთის ტომოსი მემყუდროეთა შესახებ“ - განსაკუთრებული
ყურადღება ეთმობა საკითხს მესალიანელთა მწვალებლობის შესახებ.
მომხსენებელმა განიხილა მნიშვნელოვანი დოგმატური საკითხები, ის
ცდომილებანი, რომლებმაც განაპირობეს ,,ტომოსის“ ავტორის პოლემიკა
მესალიანელთა მიმართ, ისაუბრა უმნიშვნელოვანეს დოგმატზე საღვთო
მოქმედების (ენერგიის) უქმნელობის შესახებ, რომელსაც ვარლამ
კალაბრიელმა ორღმერთიანობა ანუ მესალიანელობა უწოდა. ამ და სხვა
დოგმატურ საკითხებზე მსჯელობისას წმინდა გრიგოლი
საფუძვლიანად ამხელს მესალიანელობას და გვაწვდის ჭეშმარიტ საეკლესიო
სწავლებას - აღნიშნა ვახტანგ ქურდაშვილმა.
მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა
ქრისტიანულ სამყაროში „წმინდა მთის ტომოსის“ განსაკუთრებულ
ავტორიტეტზე. მისი ხელმომწერნი არიან ათონის მთის უდიდესი სულიერი
მოღვაწენი, ამასთანავე, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსის
სწავლებათა უცდომელობა დამოწმებულია XIV საუკუნის
კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებებით, რაც კიდევ უფრო ამყარებს
„ტომოსში“ გადმოცემულ სწავლებათა ჭეშმარიტებას.
შეხვედრის ბოლოს ვახტანგ
ქურდაშვილმა საინტერესოდ, ამომწურავად უპასუხა აუდიტორიის
მიერ დასმულ შეკითხვებს.