კონფერენცია

ტრადიციად დამკვიდრდა, რომ ყოველი კვირის ორშაბათ დღეს  თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კათედრათა წარმომადგენლები -  პროფესორ-მასწავლებლები - ფართო აუდიტორიის წინაშე კითხულობენ  თემატური და შინაარსობრივი თვალსაზრისით მეტად მრავალფეროვან,  საინტერესო და  საგულისხმო  სიახლეთა შემცველ მოხსენებებს.   
დღეს, 13 თებერვალს, აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით  წარდგნენ  ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრები  - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,  პროფესორი ლელა ხაჩიძე  და  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,  პროფესორი  ხვთისო ზარიძე.
ქალბატონი ლელა ხაჩიძის მოხსენების თემა იყო  წმინდა გიორგი მთაწმინდელის  მარხვანი.   აღსანიშნავია ის ფაქტი,  რომ ნაშრომში პირველად გამოქვეყნდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და ქართული კულტურის უდიდესი წარმომადგენლის -  წმ. გიორგი მთაწმიდელის მიერ თარგმნილ-რედაქტირებული უნიკალური ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულის - მარხვანის -  აკადემიურად დადგენილი ტექსტი XI-XV საუკუნეების შვიდი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ხელნაწერის მიხედვით.
ამ კრებულში დაცულია ქრისტიანული ეკლესიის თვალსაჩინო წარმომადგენლების - დიდი წმინდანების - დიდმარხვისათვის განკუთვნილი მრავალრიცხოვანი საგალობლის ქართული თარგმანები, რომლებიც წმ. გიორგი მთაწმიდელის მიერაა თარგმნილი ბერძნულიდან ან მის მიერაა რედაქტირებული. მსგავსი სისრულის კრებული დღეისათვის ცნობილ ბერძნულ მარხვანებში არ გვხვდება. ამავე კრებულში დაცულია X საუკუნის დიდი ქართველი ჰიმნოგრაფის, იოანე მინჩხის 100-ზე მეტი საგალობელი.
მარხვანის წმ. გიორგი მთაწმიდელისეული რედაქცია ქრისტიანული პოეზიის მდიდარ საუნჯეს წარმოგვიდგენს. ამ დიდებულმა ქმნილებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქრისტიანული მწერლობის ისტორიაში. ეს საგალობლები ღვთისმეტყველების, ლიტურგიკის და, ზოგადად, სულიერების სრულყოფილ ნიმუშებს წარმოადგენს. თვით ჩვენი ეკლესიის კანონმდებლის - წმ. გიორგი მთაწმიდელის სიტყვით - „ ჭეშმარიტად სწორი ამისი არცა ბერძენთა თანა იპოვების, არცა ქართველთა“.
ოთხ ათეულ წელზე მეტია, რაც სასულიერო აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგემ, პროფესორმა ლელა ხაჩიძემ ამ უნიკალური კრებულის შესწავლა დაიწყო და გამოაქვეყნა არაერთი გამოკვლევა მის შესახებ.  წიგნი 2022 წელს გამოიცა და მიეძღვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია II-ის დაბადებიდან 90-ე წლისთავს. წიგნი დაიბეჭდა საქართველოს საპატრიარქოს ქართველოლოგიური კვლევის ცენტრის მხარდაჭერით.  
ქალბატონმა ლელამ დიდი მადლიერებით აღნიშნა, რომ  ნაშრომზე მუშაობისას მისთვის  ძალზე მნიშვნელოვანი იყო თეოლოგიის,  ფილოლოგიისა და პოლიტიკის  მეცნიერებათა დოქტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მიერ გამოჩენილი თანადგომა და დახმარება. 
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა,  პროფესორმა  ხვთისო ზარიძემ წაიკითხა მოხსენება  სათაურით - ,,წმინდა ევსტათი მცხეთელის წამება“ - ,,ნეტარმან ევსტათი განიცინნა...“ 
მეცნიერმა ვრცლად ისაუბრა  ჰაგიოგრაფიული ჟანრის კანონზე, ქართული და ბიზანტიური ჰაგიოგრაფიის მსგავსებათა და  თავისებურებათა შესახებ. აღნიშნა, რომ ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის პირველი თხზულებები ბიზანტიურ-რომაულ ქრისტიანულ გარემოში შეიქმნა (I-IVსს) და იქიდან თანდათანობით გავრცელდა დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროში, მათ შორის საქართველოშიც.  განსხვავებული იყო ბიზანტიური და ქართული ჰაგიოგრაფიის წარმოშობის საფუძვლები. ქართული მარტვილოლოგიის წარმოშობის მიზეზი  ქვეყნის შიდაპოლიტიკური და შიდარელიგიური დაპირისპირება კი არ გამხდარა,  არამედ  სპარსელ  და მუსლიმ მომხდურთა  წინააღმდეგ ეროვნულ-სარწმუნოებრივი ინტერესების დასაცავად  წარმოებულ  ბრძოლებში  გამოვლენილი თავდადება და სიმამაცე.
ბატონმა ხვთისომ სწორედ  მე-6 საუკუნის ანონიმი ავტორის ,,ევსტათი მცხეთელის მარტვილობის“ საფუძველზე  წარმოაჩინა ის თავისებურებანი, რაც ქართულ მარტვილოლოგიას გამოარჩევს შესაბამისი ეპოქისა და ჟანრის  ბიზანტიური თხზულებებისაგან. 
კონფერენციის მუშაობა შეაჯამა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან  გულითადი მადლობა გადაუხადა  მომხსენებლებს  მნიშვნელოვანი   სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის.
 
14.02.2023

FaceBook გვერდი