შეხვედრა პოეტ ტარიელ ხარხელაურთან




ახლოვდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების 45-ე წლისთავი.   მიმდინარე თვეს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ამ თარიღისადმი მიძღვნილი რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. დღეს სასწავლებელს დიდი პოეტი ტარიელ ხარხელაური სტუმრობდა. მან საოცარი გულწრფელობითა და უშუალობით გვაზიარა თავის პოეზიას, თავის სულიერ სამყაროს, გვიპასუხა კითხვებზე. პოეტმა საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელს საიუბილეო თარიღი მიულოცა ლექსით - „ბრძანე, მოძღვარო“.  სტუმრის უბრალოებამ, რითაც ასე გამორჩეულია იგი, მოხსნა ყველა ბარიერი. სასწავლებლის მგალობელ ვაჟთა გუნდმა ლაშა ზაალიშვილის ხელმძღვანელობით პოეტი სიმღერით გააცილა. მღეროდა ყველა, ვისაც შეეძლო სიმღერა. გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები, რომლებიც თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მატიანეს სამუდამოდ დაამშვენებს. შეხვედრა უკვე დამთავრებული იყო, როცა პოეტს სთხოვეს, წაეკითხა კიდევ ერთი ლექსი „ჩემო დედილო“. ბატონმა ტარიელმა თხოვნა შეასრულა და ამ ლექსით აცრემლებულ მსმენელს დაემშვიდობა.
 
„ჩემო დედილო, შენს სახეზე გაჩენილ ბზარებს
მზის ნათელივით ახლა ხშირად მოივლის თვალი,
დღეს-ხვალ იქნება, გაიხურავ ჩემს სახლის კარებს,
ჩემს ჭერს ღიმილი მოაკლდება და სითბო ქალის.
ჩემო დედილო, მე დამღალა დროის სიყრუემ,
მზესთან ვიდავე, ვერ შევთანხმდი ცათა ღიობზე,
მალე ეზოში ეს ბებერი ძაღლი იყმუვლებს,
რომ დედამიწას ბრალად დასდოს ჩემი სიობლე.
ჩემო დედილო, მაგ გამხდარი მკერდის ჭირიმე,
დღეს შეგამჩნიე, კიბეზე რომ ახვედ წვალებით,
მე დავტიროდი გადატეხილთ წელში გვირილებს,
წამომეპარა ჟამი შენი გარდაცვალების.
ჩემო დედილო, როგორ მტანჯავს დროის სიყრუე,
მზესთან ვიდავე, ვერ შევთანხმდი ცათა ღიობზე...
ამცნობს სამყაროს, ეზოში რომ ძაღლი იყმუვლებს,
დედამიწაზე განესრულა ჩემი სიობლე.“
15.12.2022

FaceBook გვერდი