ა.წ. 30 ნოემბერს ბიბლეისტიკის
კათედრაზე სასულიერო სემინარიის მეორე კურსის სტუდენტმა, თემურ
სირბილაშვილმა, მორიგი სასემინარო თემა წარადგინა - „იესო
ქრისტე და ნიკოდიმოსი (სახარებისეული მონაკვეთის - იოან. 3.1-15-ის -
თეოლოგიური ანალიზი“). ნაშრომს ხელმძღვანელობდა გიორგი თოდუა.
მომხსენებელმა ეკლესიის მამათა -
წმინდა იოანე ოქროპირისა და ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის -
ნაშრომებზე დაყრდნობით წარმოადგინა სახარების ზემოთ აღნიშნულ
ეპიზოდთან (იოან. 3.1-15) დაკავშირებული ძირითადი განმარტებანი,
ამასთან ერთად, გამოიყენა ძველი ქართული ჰომილეტიკური და ლიტურგიკული
ძეგლები.
მომხსენებელმა დამაჯერებლად
ისაუბრა გამოთქმაზე „მეორედ შობა“ („უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ“
(იოან. 3.3) და აღნიშნა, რომ სიტყვას „მეორედ“, რომელიც
გვხვდება იოანეს სახარების ძველქართულ (ათონურ) რედაქციებში,
ბერძნულში შეესატყვისება „ანოთენ“, რომელსაც ორი ძირითადი
მნიშვნელობა აქვს: 1) „ზემოდან“, „ზეგარდამო“; 2) „ხელახლა“. ამასთან,
ნიშანდობლივად მიიჩნია ის ფაქტი, რომ სახარების ადიშურ რედაქციაში ეს
სიტყვა იკითხება, როგორც „ზეგარდამო“, რითაც იგი შინაარსობრივად
უახლოვდება ბერძნულს: „არა თუ ვინ იშვეს ზეგარდამო, ვერ შევიდეს
სასუფეველსა ღმრთისასა“.
მომხსენებლის მოსაზრებით, ბერძნული
„ანოთენ“ უკეთ გადმოსცემს ნათლისღების ჟამს ადამიანის სულიერად
შობის ფაქტს, ვიდრე ძველქართული „მეორედ“, რადგან ხელახლა შობა,
უპირველეს ყოვლისა, საღვთო ძალასა და მადლს უკავშირდება, რომელიც
ადამიანზე მოქმედებს სწორედ „ზემოდან“, „ზეგარდამო“, ანუ
ღვთისგან.
მომხსენებელმა მოკლედ, მაგრამ
სრულფასოვნად წარმოადგინა საეკლესიო სწავლება ნათლისღების საიდუმლოს
შესახებ და ახალაღთქმისეული რჯულდება იმასთან დაკავშირებით, რომ
„უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების
შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (იოან. 3.5).
თემის წარდგენის შემდეგ გაიმართა
დისკუსია. მომხსენებელმა მადლიერებით მიიღო მსმენელთა მხრიდან
გამოთქმული ზოგიერთი შენიშვნა, ხოლო ზოგიერთ შეკითხვას დამაჯერებელი
პასუხი გასცა.