კვლევის განვითარების ინსტიტუციური სტრატეგია

 
2022 წლის 24 ნოემბერს თსას-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებისათვის სამსახურის  უფროსის-  გიორგი ნატროშვილის- ინიციატივით, ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამართა სამუშაო შეხვედრა/ტრენინგი თემაზე: „კვლევის განვითარების ინსტიტუციური სტრატეგია“.
ექსპერტებმა წარმოადგინეს  უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სახელმძღვანელო პრინციპები, ინფორმაცია უკვე  დანერგილი  ორგანიზაციული მიდგომებისა და  სტრატეგიების გამოცდილების შესახებ, ასევე, ინსტიტუციაში კვლევითი საქმიანობის, სადოქტორო პროგრამების დაგეგმვის, განვითარებისა და პრიორიტეტების შესახებ საერთაშორისო საკანონმდებლო (ზალცბურგის პრინციპები, 2005; 2010) რეზიუმირებული მიმართებები. სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად წარმოადგინეს და შეაჯამეს შემდეგი საკითხები:  კვლევების განვითარების ინსტიტუციური სტრატეგია;  სტრატეგიული მიზანი- ეფექტური კვლევის გარემოს შექმნა; კვლევითი სფეროების განსაზღვრა; სადოქტორო სტრუქტურის განვითარება;  სამოქმედო გეგმა- კომპონენტები; ინტერნაციონალიზაციის კომპონენტების განვითარება; ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების განვითარება; პერსონალის განვიტარების მხარდაჭერის  მექანიზმები; დარგის ტენდენციების გათვალისწინება- სექტორული მხარდაჭერა; ეროვნულ დონეზე არსებული პრიორიტეტები.
კვლევის განვითარების სტრატეგიის განხილვისას მინიშნებული იყო როგორც ცალკეულ, რომელიმე კონკრეტულ სამეცნიერო-კვლევით სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობის მიზანშეწონილობა, ასევე, საზოგადოდ, სხვა ინსტიტუციებთან ინტეგრაცია დარგობრივი კვლევითი თემატიკის მიხედვით. 
მნიშვნელოვანია, რომ სასწავლებელმა თავისი სპეციფიკის მიხედვით ჩამოაყალიბოს და გამოკვეთოს კვლევითი პრიორიტეტები, ხოლო მიზნებისა და ამოცანების ქრონოლოგია დაიგეგმოს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ სასწავლებელმა ჩამოაყალიბოს ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია საერთაშორისო, ევროპული მიდგომების ამოქმედებით. ეს სტრატეგია მიზანშეწონილი იქნება დოქტორანტთა კვლევითი შედეგების გაზიარებისა და მულტიდისციპლინური მიმართებების განხორციელებისათის, დოქტორანტთა მობილობასა და წახალისება-დაფინანსების, პერსონალის განვითარების სისტემის ამუშავების ჩათვლით, რაც დაეყრდნობა როგორც ბოლონიის პროცესის რეგულაციებს, ასევე თანხმიერი იქნება ინსტიტუციის მისიასა და სტრატეგიულ მიზნებთან.
სამუშაო შეხვედრაზე დეტალური საუბარი იყო: სადოქტორო განათლებისა და ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის, სადოქტორო სტანდარტის, ორიგინალური კვლევების, შრომითი ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტირებული დაგეგმარების, სასწავლო პროცესში კვლევების ჩართვისა და გამოყენების შესახებ; აღინიშნა, რომ დოქტორანტთათვის გასაძლიერებელია კვლევითი კომპონენტი და გადაჭარბებული აქცენტიზაცია არ ესაჭიროება სასწავლო კომპონენტს.
ამასთანავე აღინიშნა, რომ სასწავლებელი არ უნდა გაიტაცოს დოქტორანტურის პროგრამაზე მისაღებთა რაოდენობრივმა მხარემ და გამოკვეთოს პრიორიტეტები, თუ რა ტიპის მსურველთა მიღებაა დაგეგმილი, სწორადაა თუ არა ეს პრიორიტეტები გააზრებული და რამდენად ადეკვატურია აკადემიური კუთხით დოქტორანტებთან მომუშავე პერსონალი. ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი არა მხოლოდ უნდა წინამძღვრობდეს დოქტორანტს აკადემიური განვითარების გზაზე, არამედ სასურველია, რომ მან თანამონაწილის სტატუსით ჩართოს კიდეც დოქტორანტი და მისი ნაშრომი მასშტაბურ კვლევით პროექტებში. აუცილებელია, რომ ხელმძღვანელი იყოს აქტიური მკვლევარი და მისი კომპეტენცია უკავშირდებოდეს უშუალოდ დოქტორანტის საკვლევ სფეროს / თემატიკას; უმნიშვნელოვანესია ხელმძღვანელისა და დოქტორანტის საქმიანი ურთიერთთანამშრომლობა, რაც უნდა დაგვირგვინდეს მეცნიერული სიახლით (ე. წ. „ახალი ცოდნა“), რომელიც უნდა გაშუქდეს და ინტეგრირდეს საერთაშორისო დონეზე. აქვე საზრუნავია ინფორმაციული ხელმისაწვდომობაც შესაბამისი პროფილის საერთაშორისო კონფერენციებსა და სამეცნიერო დისპუტებში დოქტორანტთა მონაწილეობისათვის.
ყოველ ჯერზე სასწავლებლის მიერ გასათვალისწინებელია კოოპერაციული კვლევები სხვა უნივერსიტეტეტებთან, შრომითი ბაზრის დაკვეთა და შესაძლებლობა. შეხვედრაზე დიალოგისას აღინიშნა, რომ ჩვენს სასწავლებელში დიდი ხანია დანერგილი და ამოქმედებულია ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები. შეხვედრის ბოლოს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა პასუხი გასცეს თსას-ის თანამშრომელთა კითხვებს და გამოხატეს მზადყოფნა სამომავლო მხარდაჭერისა და კონსულტირებისათვის.
25.11.2022

FaceBook გვერდი