დღეს, 16 ნოემბერს, ბიბლეისტიკის კათედრის მიერ ორგანიზებულ სამუშაო სემინარზე მოხსენება წაიკითხა სასულიერო სემინარიის მესამე კურსის სტუდენტმა არჩილ შავდათუაშვილმა. თემის სახელწოდება: „იესო ქრისტე და სამარიელი დედაკაცი (ინ. 4.1-30) - თეოლოგიური ანალიზი“; ხელმძღვანელი: რევაზ მუჯირიშვილი.
მომხსენებელმა ეკლესიის დიდ მამათა - წმინდა იოანე ოქროპირი, წმინდა მაქსიმე აღმსარებლი, ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი - ნაშრომებზე დაყრდნობით გააანალიზა სახარების ზემოთ აღნიშნულ ეპიზოდი და საკითხი შემდეგი თანმიმდევრობით განიხილა: 1) ზოგადი ცნობები იუდეველ და სამარიელი ხალხთა ურთიერთობების შესახებ; 2) მიზეზი, რის გამოც იესო ქრისტე ტოვებს იუდეას და სამარიის გავლით გალილეისკენ მიემართება; 3) იესო ქრისტეს დიალოგი სამარიელ დედაკაცთან და ცოცხალი წყლის -„წყალი ცხოველი“ - სიმბოლური მნიშვნელობა; 4) სამარიელი დედაკაცის ქმრების - „ხუთ ქმარ გესხნეს და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი“ (ინ. 4.18) - სიმბოლურ-ალეგორიული გააზრება; 5) სამარიელი დედაკაცის მიერ იესოს აღიარება წინასწარმეტყველად (ინ. 4.19); 6)უწყება სამარიელთა ღვთისმსახურების შესახებ (ინ. 4.20-22); სწავლება ახალაღთქმისეული საეკლესიო მსახურების აღმატებულობის შესახებ(ინ. 4.23-24); 7) იესოს მიერ საკუთარი თავის გაცხადება მესია-ქრისტედ; სამარიელი დედაკაცის მოქცევა და სხვა. არჩილ შავდათუაშვილმა განმარტა სწავლება ამ მოვლენის წინამოსწავებითი ხასიათის შესახებ: სამარიელი დედაკაცი მიჩნეულია იმ წარმართი ხალხის სახედ, რომელთაც მიიღეს ქრისტე, როგორც ჭეშმარიტად ხორციელად მოსული ღმერთი და გახდნენ მის მიერ დაფუძნებული ეკლესიის წევრები.
მოხსენებამ მსმენელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. გაიმართა საინტერესო დისკუსია.