გასვლითი სასწავლო ღონისძიება მცხეთაში

ა.წ. 2 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტებმა ამავე ფაკულტეტის დეკან, დეკანოზ თეიმურაზ მჟავანაძესა და საქართველოს ეკლესიის ისტორიის ლექტორ, პროფესორ  ელდარ ბუბულაშვილთან ერთად მცხეთა მოინახულეს.
 თსას-ის სასწავლო პროგრამის თემატიკიდან გამომდინარე, ფაკულტეტის დეკანებისა და პედაგოგების ინიციატივით,  საქართველოს სხვადასხვა  კუთხეში სისტემატურად იმართება გასვლითი ხასიათის ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები.
 სტუდენტებმა პედაგოგებთან ერთად  მოინახულეს მცხეთისა და მისი შემოგარენის   სიძველენი  და სიწმინდეები, გაეცნენ არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ არმაზ-ბაგინეთის ანტიკურ ნასახლარებს, აბანოებს, აკლდამა-სამარხებს, ,,მთა ქართლისასა“ და ,,დიდი მცხეთის“ განსახლების არეალს,  წმინდა ნინოს სახელთან დაკავშირებულ სიწმინდეებს. ბატონმა ელდარმა დეტალურად  განუმარტა  სტუდენტებს  მცხეთაში შემორჩენილი ტოპონიმების წარმოშობისა და მნიშვნელობის შესახებ, რაც  წმინდა მიწის სახელთანაა დაკავშირებული და მცხეთას მეორე იერუსალიმის შინაარსს სძენს.
 სტუდენტებმა მოილოცეს ზედაზნისა და  სამთავროს ტაძრები. მოგზაურობა მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო  ტაძრის მოლოცვითა და საზეიმო  ვახშმით დასრულდა.
03.11.2022

FaceBook გვერდი