სამუშაო სემინარი

ა/წ. 2 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებისთვის გაიმართა ბიბლეისტიკის კათედრაზე მომზადებული თემის წარდგენა და განხილვა: „ძველაღთქმისეული რჯულდება - „არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი“ (გამ. 20.4) და ეკლესიის მამათა განმარტებანი“.

მომხსენებელი გახლდათ გიორგი კარიჭაშვილი, სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტი, ხოლო ხელმძღვანელი: დეკანოზი ვლადიმერ ვახტანგაძე, ძველი აღთქმის პედაგოგი.

მომხსენებელმა ეგზეგეტიკურ ლიტერატურაზე დაყრდნობით წარმოადგინა კერპის ცნებასთან დაკავშირებული მოსაზრებანი და იმსჯელა კერპთაყვანისმცემლობის მიზეზებსა და გამოვლინებებზე როგორც იუდაურ, ისე წარმართულ სამყაროში. მან ისაუბრა, თუ როგორ ჩამოასხეს ისრაელიანებმა აარონის ინიციატივით ოქროს ხბო, რომელიც, როგორც ფაქტი, ეკლესიის ისტორიაში გამოვლენილ პირველ ერესად იქნა აღიარებული, რამდენადაც ყოველივე ეს სინას წმინდა მთაზე მოხდა სწორედ ძველაღთქმისეული რჯულის მიღების დღეს.

ნაშრომში მოყვანილი იყო ეპიზოდები წმინდა წერილიდან, რომლებიც კერპებსა და, ზოგადად, კერპთაყვანისმცემლობას შეეხებოდა ეკლესიის მამათა შესაბამის კომენტარებთან ერთად.

სემინარის ბოლოს გაიმართა საინტერესო  დისკუსია. მომხსენებელმა ამომწურავად უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

02.11.2022

FaceBook გვერდი