თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები შეხვდნენ ცნობილ ქართველ მკვლევარს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ვახტანგ გოილაძეს. მისი მოხსენების თემა იყო: ,,მეფეთა ცხოვრების“ ბედი და მასთან დაკავშირებული საქართველოს ისტორიის პრობლემები.
შეხვედრას უძღვებოდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელდარ ბუბულაშვილი. მან აუდიტორიას მოუთხრო ბატონი ვახტანგის საქმიანობისა და მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენების შესახებ.
ვახტანგ გოილაძის კვლევის საგანია შუა საუკუნეების კულტურის, ისტორიის მნიშვნელოვანი, მაგრამ ნაკლებად შესწავლილი თუ ჯერაც დაუდგენელი ფაქტები. იგი არის 140-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის (რომელთაგან 20 მონოგრაფია და ბროშურაა), ათეულობით საგაზეთო და საენციკლოპედიო წერილის ავტორი, იკვლევს ადრეფეოდა-ლური საქართველოს პოლიტიკურ-საზოგადოებრივ და საეკლესიო ცხოვრებას, საქართველოს ურთიერთობას ბიზანტიასთან, სასანიანთა ირანთან, ძველ ჰუნურ-თურქულ სამყაროსა და ოსურ გაერთიანებებთან. მის ნაშრომებში განხილულია ვახტანგ გორგასლის, წმ. ნინოს, წმ. ანდრია პირველწოდებულის, ასურელ მამათა ღვაწლის ამსახველი ფაქტები და მოვლენები, მათ ქრონოლოგიასა და ტოპონიმიკასთან დაკავშირებული საკითხები. ბატონი ვახტანგი საქართველოს ისტორიის მოვლენებს განიხილავს ქრისტიანულ, მაზდეანურ, მაჰმადიანურ სამყაროთა გეო-პოლიტიკური და სარწმუნოებრივი ურთიერთობების ჭრილში, უცხოური და ქართული წყაროების გამოწვლილვითი შესწავლის ფონზე.
მოხსენების თემაც ფართო კულტურულ-ისტორიული ასპექტით იყო განხილული და მსმენელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
შეხვედრის დასასრულს სასულიერო სემინარიის დეკანმა, მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ თსას-ის სახელით მადლობა გადაუხადა ცნობილ მეცნიერს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისთვის.