ჰოლანდიელი მუსიკოსები გალობის ლექციაზე

რამდენიმე დღის წინ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გალობის პედაგოგის, სამუსიკო ხელოვნებისა და თეოლოგიის მაგისტრის, ლაშა ზაალიშვილის ლექციიდან გამოსულმა ჰანგებმა ერთი უცხოელი ქალბატონისა და მისი თანმხლები პირების  ყურადღება მიიპყრო და აღფრთოვანებულებმა ლექციაზე დასწრების ნებართვა ითხოვეს. სიონის ტაძართან უცხოელი ტურისტების ნაკადი არასოდეს წყდება, მაგრამ ამის პრეცედენტი ადრე არ ყოფილა. ქალბატონი ჰოლანდიელ მუსიკოსთა გუნდის ხელმძღვანელი აღმოჩნდა. ისინი  საქართველოში ჩვენი სიმღერების შესასწავლად მორიგი ვიზიტით ყოფილან ჩამოსულები. იმ დღეს ლაშა ზაალიშვილი  საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის სტუდენტებისაგან შემდგარ მგალობელთა გუნდს ამეცადინებდა. ისინი ჩვენი პატრიარქის აღსაყდრების საიუბილეო დღეებისათვის ემზადებოდნენ. ბატონმა ლაშამ, რა თქმა უნდა, სიამოვნებით მიიპატიჟა ჰოლანდიელი კოლეგები ლექციაზე და იმავე შეხვედრაზე შეასწავლა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია ΙΙ-ის მიერ შექმნილი „წმიდაო ღმერთო“ და  წმ. ნინოსადმი მიძღვნილი საგალობელი. სტუმრები მოიხიბლნენ საგალობლების კეთილხმოვანებით. ლაშა ზაალიშვილმა მათ მოკლედ მოუთხრო უწმინდესისა და უნეტარესის მოღვაწეობის შესახებ.  მუსიკოსები გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია II 45 წლის განმავლობაში მართავს საპატრიარქო საყდარს, რომ იგი შესანიშნავი ხატმწერიცაა და მრავალი საგალობლის ავტორიც.

სტუმრები კიდევ ერთ რეპეტიციას დაესწრნენ და სთხოვეს პედაგოგს გუნდის მიერ შესრულებული საგალობლების ჩანაწერი, რათა სამშობლოში დაბრუნებულებს ამ ჩანაწერით ეხელმძღვანელათ.

სტუმრებმა მადლიერების ნიშნად ლაშა ზაალიშვილს ჰოლანდიური ნაციონალური ტკბილეული მიართვეს და მომავალი შეხვედრისა და თანამშრომლობის იმედით დაემშვიდობნენ.

28.10.2022

FaceBook გვერდი