მნიშვნელოვანი გამოცემა

დაიბეჭდა წმ. გიორგი მთაწმიდელის რედაქციის მარხვანი ორ ტომად. წიგნი ეძღვნება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია II-ის დაბადებიდან 90-ე წლისთავს.

ნაშრომში პირველად გამოქვეყნდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და ქართული კულტურის უდიდესი წარმომადგენლის -  წმ. გიორგი მთაწმიდელის მიერ თარგმნილ-რედაქტირებული უნიკალური ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულის, მარხვანის  აკადემიურად დადგენილი ტექსტი XI-XV საუკუნეების შვიდი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ხელნაწერის მიხედვით. ამ კრებულში დაცულია ქრისტიანული ეკლესიის თვალსაჩინო წარმომადგენლების - დიდი წმინდანების - დიდმარხვისათვის განკუთვნილი მრავალრიცხოვანი საგალობლის ქართული თარგმანები, რომლებიც წმ. გიორგი მთაწმიდელის მიერაა თარგმნილი ბერძნულიდან ან მის მიერაა რედაქტირებული. მსგავსი სისრულის კრებული დღეისათვის ცნობილ ბერძნულ მარხვანებში არ გვხვდება. ამავე კრებულში დაცულია X საუკუნის დიდი ქართველი ჰიმნოგრაფის, იოანე მინჩხის 100-ზე მეტი საგალობელი.

მარხვანის წმ. გიორგი მთაწმიდელისეული რედაქცია ქრისტიანული პოეზიის მდიდარ საუნჯეს წარმოგვიდგენს. ამ დიდებულმა ქმნილებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქრისტიანული მწერლობის ისტორიაში. ეს საგალობლები ღვთისმეტყველების, ლიტურგიკის და, ზოგადად, სულიერების სრულყოფილ ნიმუშებს წარმოადგენს. თვით ჩვენი ეკლესიის კანონმდებლის - წმ. გიორგი მთაწმიდელის სიტყვით - ჭეშმარიტად სწორი ამისი არცა ბერძენთა თანა იპოვების, არცა ქართველთა“.

ოთხ ათეულ წელზე მეტია, რაც სასულიერო აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგემ, პროფესორმა ლელა ხაჩიძემ ამ უნიკალური კრებულის შესწავლა დაიწყო და გამოაქვეყნა არაერთი გამოკვლევა მის შესახებ. 2017-2020 წლებში აკადემიური ტექსტის მომზადებაში ჩაერთო მეცნიერთა ჯგუფი - ე. კოჭლამაზაშვილი, ლ. ახობაძე და ე. კვირკველია. მათი ერთობლივი შრომის შედეგად

მომზადდა ეს კრებული, რომელიც ქართული კულტურის „ოქროს ფონდის“ მნიშვნელოვანი შენაძენია.

წიგნი დაიბეჭდა საქართველოს საპატრიარქოს ქართველოლოგიური კვლევის ცენტრის მხარდაჭერით. ძალზე მნიშვნელოვანი იყო თეოლოგიისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მიერ გამოჩენილი თანადგომა. წიგნის ავტორები დიდ მადლიერებას გამოხატავენ მათ მიმართ.
17.10.2022

FaceBook გვერდი