თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათ-მცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები,
საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასწავლო-საველე
პრაქტიკას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადიან. ამჯერად
სტუდენტებმა პედაგოგებთან და ფაკულტეტის ხელმძღვანელებთან ერთად
კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში არსებული კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულეს.
წინასწარ შედგენილი გეგმის
მიხედვით სტუდენტებმა შუა საუკუნეების ორი ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი
მოიხილეს და შეისწავლეს - სამთავისისა (X-XI საუკუნეები), რომლის
თავდაპირველი ისტორია ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება და
წრომის (VII საუკუნე), რომელიც, როგორც აღნიშნულია, ქართული
ხუროთმოძღვრების ახალ ეტაპს წარმოადგენს და თავისი მხატვრული
ღირსებებით მცხეთის ჯვარსაც კი უტოლდება. კათედრის პედაგოგებმა ვრცლად
ისაუბრეს ტაძართა ისტორიის, არქიტექტურის, მხატვრობისა და იქ
შემონახული წარწერების შესახებ. საკუთარი თვალით ნანახმა უდიდესი
შთაბეჭდილება მოახდინა სტუდენტებზე. საგნობრივ-ხელშესახებმა რეალობამ
კიდევ უფრო სრულყო ხელოვნებათმცოდნეობითი და საღვთისმეტყველო ცოდნა,
რომელსაც სტუდენტები სასწავლებელში ეუფლებიან. დღე ყველასთვის
საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.