მნიშვნელოვანი გამოცემა

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი საგრანტო პროექტი FR 18-1209 - „წმინდა მამათა სწავლანი ბიზანტიურ-ქართულ ინტერდისციპლინარულ ურთიერთობათა კონტექსტში“ - შეიქმნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაზაზე.  პროექტის ხელმძღვანელია ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი, კოორდინატორი - ისტორიის მაგისტრი მანგია არაბული, ძირითადი პერსონალი - ფილოლოგიის დოქტორი ვიქტორია ჯუღელი და თეოლოგიის მაგისტრი დეკანოზი გიორგი ბერიშვილი. პროექტის მიზანი იყო ორი დიდი საეკლესიო მამის - ამონა ნიტრიელისა და სოფრონ იერუსალიმელის - ნაშრომების ძველი ქართული თარგმანების შესწავლა და   მათი როლის ჩვენება  ბიზანტიურ-ქართულ ინტერდისციპლინარულ ურთიერთობათა კონტექსტში. 

პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში მოძიებულ იქნა  ამ წმინდა მამების სულიერი მემკვიდრეობის შემცველი დღემდე შეუსწავლელი თუ შესწავლილი ქართული ხელნაწერების ნუსხები, დადგინდა კრიტიკული ტესტები, აღნიშნული ტექსტები შედარდა ბერძნულ დედნებთან, ასევე, სირიულ, არაბულ, სომხურ და სხვ. თარგმანებთან. პროექტის წევრებმა აღნიშნული ძეგლები შეისწავლეს როგორც ისტორიულ-ფილოლოგიური, ასევე საღვთისმეტყველო და ენათმეცნიერული თვალსაზრისით.

 როგორც კვლევამ აჩვენა, ქართულ ხელნაწერებში დაცული ღირსი ამონას ეპისტოლეთა შემცველი ნუსხები შეიცავს ისეთ ეპისტოლეებს, რომელიც  დღეს არ მოიძებნება ბერძნულ ხელნაწერებში. იგივე შეიძლება ითქვას წმინდა სოფრონ იერუსალიმელის ჰომილიების ქართული თარგმანების შემცველ ხელნაწერებზე. აღნიშნულ ჰომილიებზე მუშაობისას  ყურადღება გამახვილდა ისეთ ტერმინებზე, რომლებიც სიღრმისეულად წარმოაჩენენ მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრებას ყოვლადწმიდა სამებისა და განკაცებული ძე ღმერთის შესახებ.

აღნიშნული მასალის ბაზაზე შეიქმნა ქართულ-ბერძნული, ბერძნულ-ქართული, ქართულ-ლათინური ლექსიკონები, სახელთა საძიებელი და სამეცნიერო ლიტერატურის სია.

მასალის მოცულობიდან გამომდინარე, ნაშრომი გამოიცა ორ წიგნად. პირველ წიგნი მთლიანად დაეთმო ღირს ამონა ნიტრიელს და მის შემოქმედებას, ხოლო მეორე - წმინდა სოფრონ იერუსალიმელს.

აღნიშნული წიგნების გაცნობა  დიდ დახმარებას გაუწევს ბიზანტისტებს ღირსი ამონა ნიტრიელისა და სოფრონ იერუსალიმელის შემოქმედების თავდაპირველი წყაროს შესახებ უფრო ნათელი სურათის შესაქმნელად.

10.10.2022

FaceBook გვერდი