სამაგისტრო ნაშრომის დაცვა

 
2022 წლის 4 ივლისს მაგისტრანტმა გიორგი ნათენაძემ დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე - ,,წმინდა ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობა და ლიტერატურული მემკვიდრეობა“  (ხელმძღვანელი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გვანცა კოპლატაძე, რეცენზენტი - საეკლესიო სამართლის დოქტორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი). სხდომას თავმჯდომარეობდა თსას-ის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. 
გიორგი ნათენაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო სამაგისტრო ნაშრომის შინაარსი - მიმოიხილა წმინდა ანთიმოზ ივერიელის ბიოგრაფია, ვრცლად ისაუბრა მისი საეკლესიო, კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობისა და მოწამებრივი აღსასრულის შესახებ.
მაგისტრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა,  პროფესორმა გვანცა კოპლატაძემ, დადებითად შეაფასა გიორგი ნათენაძის ნაშრომი. მან   განსაკუთრებით გაამახვილა ყურადრება ნაშრომის იმ ნაწილზე, რომელიც წმ. ანთიმოზის ქადაგებათა საღვთისმეტყველო ანალიზს შეიცავს და  ადასტურებს კიდეც  მაგისტრანტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევის უნარებს. 
დეკანოზმა ალექსი ქშუტაშვილმა ნაშრომის რეცენზირებისას ტრადიციულად მიმოიხილა მისი სტრუქტურულ-შინაარსობრივი თავისებურებანი. მან აღნიშნა, რომ ნაშრომში არგუმენტირებულადაა დასაბუთებული წმინდა ანთიმოზ ივერიელის განსაკუთრებული როლი  და დამსახურება რუმინელი ხალხის ცხოვრებაში, საფუძვლიანადაა  შესწავლილი ის კულტურულ-საგანმანათლებლო რეფორმები, რომლებიც წმ. ანთიმოზის სახელს უკავშირდებოდა და  მიზნად ისახავდა რუმინული სამწერლობო და ლიტურგიკული ენის განახლებას, საეკლესიო სამართალშემოქმედებას, რიტორიკული ჟანრის განვითარებას, ეკლესია-მონასტერთა მშენებლობასა და სხვა. რეცენზენტმა აღნიშნა, რომ სამაგისტრო ნაშრომში  გამოყენებული და დამოწმებულია  ქართველ და უცხოელ მეცნიერთა თანამედროვე კვლევები.  
დიპლომანტმა ვრცლად და ამომწურავად უპასუხა  პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის, პროფესორების:  დეკანოზ ბიძინა გუნიასა და დეკანოზ მაქსიმე ჭანტურიას შეკითხვებს. 
საბჭოს წევრებმა  სამაგისტრო ნაშრომი მაღალი ქულით შეაფასეს და დიპლომანტს თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭება მიულოცეს. 
გიორგი ნათენაძემ გულითადი მადლობა გადაუხადა სასწავლებლის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს გაწეული გარჯის,  დახმარებისა და მზრუნველი დამოკიდებულებისათვის.
 
05.07.2022

FaceBook გვერდი