2022 წლის 1 ივლისს თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის საეკლესიო სამართლის მიმართულების მაგისტრანტმა გიგა ძამუკაშვილმა დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე - ,,საეკლესიო მართლმსაჯულების განხორციელება მართლმადიდებელ ეკლესიაში“. ხელმძღვანელი - თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი, რეცენზენტი - ღვთისმეტყველების დოქტორი გიორგი ანდრიაძე.
სხდომას თავმჯდომარეობდა თსას-ის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
გიგა ძამუკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა თავისი სამაგისტრო ნაშრომი, ისაუბრა მის სტრუქტურასა და შინაარსზე. ნაშრომის მიზანი იყო, შეგვესწავლა, გამოგვეკვეთა საეკლესიო სამართლის ძირითადი ნორმები, ეკლესიის წიაღში დაუნჯებული სწავლებანი, საეკლესიო ტრადიციები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება კიდეც საეკლესიო მართლმსაჯულების ხასიათი, რამდენადაც საეკლესიო მართლმსაჯულების ორგანოები უშუალოდ ქრისტეს მიერ მოციქულთათვის მინიჭებული უფლებამოსილებების საფუძველზე ჩამოყალიბდა - აღნიშნა მან. მაგისტრანტმა ვრცლად მიმოიხილა საეკლესიო სამსჯავროს სამი ინსტანცია -საეპისკოპოსო, სამიტროპოლიტო და საპატრიარქო სამსჯავრო, ისაუბრა საეკლესიო მართლმსაჯულებას დაქვემდებარებულ საკითხებსა და განსჯადობაზე, საქმის აღძვრის საფუძვლებსა და პირებზე, რომელთაც შეუძლიათ იყვნენ ბრალმდებელნი, მტკიცების ტვირთის მნიშვნელობაზე საქმის არსებითი განხილვის დროს, განაჩენის გამოტანისა და განაჩენის გასაჩივრების შესახებ, სინანულის მნიშვნელობაზე განაჩენის აღსრულებისას და სხვა.
მაგისტრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, დეკანოზმა ალექსი ქშუტაშვილმა დასკვნით სიტყვაში ისაუბრა ნაშრომის ღირსებებზე, სიახლეზე. აღნიშნა, რომ მაგისტრანტს სხვა წყაროებთან ერთად გამოყენებული აქვს ძველი ქართული სამართლის ძეგლებიც, რაც საეკლესიო მართლმსაჯულების კვლევის სფეროში იშვიათი მოვლენაა. ამასთან, აღნიშნა, რომ სიახლეა მაგისტრანტის მიერ დასახელებული კვლევებისა და განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული კანონების სისტემატიზირებისა და მათ ერთიან კონტექსტში გააზრების მცდელობაც.
რეცენზენტმა, თეოლოგიის დოქტორმა გიორგი ანდრიაძემ ხაზი გაუსვა ნაშრომის აქტუალობასა და შესრულების მაღალ სამეცნიერო დონეს. გამოთქვა საგულისხმო მოსაზრებები, შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებაც კიდევ უფრო სრულყოფს ნაშრომს.
რეცენზიის საჯაროდ წაკითხვის შემდეგ გაიმართა დისკუსია. გიგა ძამუკაშვილმა საინტერესოდ და ამომწურავად უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
ნაშრომი შეაფასა და მასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევები, მოსაზრებები, შენიშვნები გამოთქვა თსას-ის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. ფილოლოგის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ აღნიშნა, რომ უმჯობესია, ნაშრომში მოხმობილი პრესვიტერი ჩანაცვლდეს მისი ქართული შესატყვისით - მღვდელი/ხუცესი, ხოლო შემსმენელი - მომჩივნით. სამაგისტრო ნაშრომი შეაფასეს და საგულისხმო მოსაზრებები გამოთქვეს ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გვანცა კოპლატაძემ.
ნაშრომმა კომისიის წევრთა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება და დაინტერესება გამოიწვია. კომისიის წევრთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, გიგა ძამუკაშვილის სამაგისტრო ნაშრომმა ,,საეკლესიო მართლმსაჯულების განხორციელება მართლმადიდებელ ეკლესიაში“ უმღლესი შეფასება დაიმსახურა და გიგა ძამუკაშვილს მიენიჭა თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.