აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის(მახრაძე) სიტყვა წარმოთქმული თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო არქიტექტურის(ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის სტუდენტების საბაკალავრო ნაშრომების დაცვის შემდეგ
საქებარი სიტყვის ნაწილს მოკლედ ვიტყვი, რათა კაცობრივმა ქებამ არ დააყოვნოს და შეაყენოს ღვთისაგან ბოძებული მადლი, ის უხილავია ხორციელი თვალისთვის და ადამიანი განიცდის მას შინაგანად.
მიხარია დღევანდელი დღე,იმიტომ რომ კურსდამთავრებულებმა ძალიან კარგად წარმოაჩინეს თავი!
მიხარია, რომ მათი დღევანდელი წარმატება პედაგოგებთან მჭიდრო, ერთობლივი კავშირის შედეგია -უფროსი შრომობს, უმცროსი კი, როგორც ნოყიერი ნიადაგი, შრომის კეთილნაყოფს გვაძლევს. ამის მომსწრენი გავხდით ახლა ყველანი.
მიხარია,რომ თითოეულმა შეიძინა უნარ-ჩვევა - როცა მივა ძველი კედლის მხატვრობის ნიმუშებთან, სრულიად თავისუფალი იყოს შიშისაგან - რომ სიწმინდეს დააზიანებს!
ძალიან კარგია, რომ ყველაფერი ეს ხდება ეკლესიის წიაღში, რადგან ეკლესიაა უპირველესი პატრონი ეკლესია-მონასტრების, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის, ამასთან , ვალდებულიც, მოუაროს და მოუაროს არა ზერელედ, გაქცევით, არამედ საქმის, საკითხის ღრმა ცოდნით. მიხარია, რადგან დღეს მე ეს დავინახე!
თვითონ ის ფაქტი, რომ სტუდენტები აკეთებენ ნალესობას და სამეცადინეო კედლის სიბრტყესთან მუშაობენ, როგორც ძირძველი კედლის მხატვრობასთან, ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ კომპოზიციის თითოეულ ფიგურასთან მუშაობისას მათი მოკრძალება და მორიდება იგრძნობა.
როდესაც ტაძრის სივრცეში შევდივართ და ვიწყებთ ჩვენი უნარ-ჩვევების გამოყენებას, ყველაზე მთავრი, მნიშვნელოვანი იმის გაცნობიერებაა, თუ ვის წინაშე ვდგავართ და როგორ ვდგავართ.
სამადლობელი სიტყვა უპირველესად ეკუთვნის ღმერთს, შემდეგ კი - კათოლიკოს-პატრიარქს. დღეს არის ერთ-ერთი ხილული სასწაული, როდესაც სტუდენტები თავს წარადგენენ ღირსეულად, როგორც ეკლესიის შვილები, და მათი მეტყველება, ლოგიკა არის თანმიმდევრული, ღრმად გააზრებული, დაფუძნებული ცოდნაზე, რომელსაც ვერაფერი შეარყევს, მსგავსად იმისა, რომ ღვთისა მადლი, ეს უხილავი განძი, თითოეულ ჩვენგანს გულში აქვს და ვერც ჟანგი, ვერც მპარავი მას ვერ მოერევა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რაც დღეს ეკლესიის მიმართ ხორციელდება თუ ხდება, ასეთი მომავალი თაობა ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ ეკლესიას დასაყრდენი ჰქონდეს მყარი და არა ზერელე-მოჩვენებითი, რადგანაც, ღვთის მადლით, ჩვენს ქვეყანას უამრავი ეკლესია-მონასტერი აქვს, რომელიც შველას ითხოვს. და თუ რამ დაზიანებულა, არა მხოლოდ ზერელე მიდგომის და ცოდნის ნაკლებობისა, არამედ ანგარების გამოც. ეს ახალგაზრდები კი ცოდნას ეუფლებიან და შრომობენ უანგაროდ.
თვითონ ის გადაწყვეტილება ქალბატონი კულტურის მინისტრისა, რომ ჩვენგან წარდგენილი წარჩინებული სტუდენტები ცოდნის მისაღებად დაფინანსდებიან და გაიგზავნებიან მსოფლიოს წამყვან სარესტავრაციო ცენტრებში, იქ მიიღებენ განათლებასა და გამოცდილებას, ვფიქრობ, უპირველესად, პატრიარქის დამსახურებაა და შემდეგ თითოეული თქვენგანისა, რომელებმაც ფიქრი და იმედი არ გაუმტყუნეთ ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს.
მადლობა მინდა ვუთხრა თსას-ის რექტორს, მამა გიორგი ზვიადაძეს, ჩვენ ყველას გვახსოვს , თუ რა დრო, წლები დაგვჭირდა, რომ ეს სასწავლებელი ყოფილიყო ისეთი, როგორიც დღესაა და ის ფუნქცია შეეძინა, რაც თავიდანვე განუსაზღვრა უფალმა, ყოფილიყო ცოდნისა და რწმენის კერა.
კედლის მხატვრობა არ არის მხოლოდ ფუნჯით კონტურის კარგად მოსმა, ეს არის, პირველ რიგში, ღრმა ცოდნა, ეს არის აუცილებელი შინაგანი ლოცვითი განწყობა, რომლითაც თითოეულმა თქვენგანმა საქმე უნდა აკეთოს - ხატი იქნება თუ კედლის მხატვრობა.
ეს უნარი თუ ჩვევა ამ ადამიანებისათვის არის ზრდილობა ჩვენ წინაშე და მოკრძალება - ღვთის წინაშე.
ეს წარმატება თქვენი, მასწავლებლების, დაუღალავი შრომის, თავზე დგომის, აღსაზრდელებთან ერთად მუხლჩაუხრელი შრომისა და დღე და ღამ თენების შედეგია.
კარგია, როცა ასეთ სადიპლომო დაცვას, წარდგენას ხედავენ სხვებიც - შუქდება ტელევიზიითა და პრესით. ვისურვებდი, რომ ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის მიმართულების სტუდენტთა ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ საეკლესიო არქიტექტურისა და სხვა ფაკულტეტების სტუდენტებიც, უნდა გაკეთდეს ერთობლივი პროექტებიც.
აქ ითქვა, რომ სარესტავრაციო სამუშაოს შესრულებისას, თითოეული სტუდენტი აზიანებდა არა თავის, არამედ სხვის ნამუშევარს. ამის შემდეგ უნდა შეძლოთ და საკუთარი ნამუშევარიც დააზიანოთ. არა არის საჭირო შიში. მახსოვს, ბავშვობაში, როცა ჩემს ძველ ნახატებს ვინახავდი, მამამ, რომელიც პროფესიით მხატვარი იყო, შემამჩნია და მკითხა, რას ინახავო? ძველ ნახატებს-მეთქი. მაშინ მირჩია, რაც არ მოგეწონება, არ დაგენანოს, გადააგდე, რომ არ დარჩე მიჯაჭვული შენს სუსტ თუ ძლიერ ნამუშევარსო.
მეც გეტყვით, არ შეგეშინდეთ, დააზიანეთ, რადგან ეს არის პენოპლასტის კედელი, რომელზეც თქვენ სამუშაო უნარ-ჩვევას ეუფლებით. ახლა და აქ უნდა შეიძინოთ ეს თვისება, სიწმინდეების წინაშე მორიდებულ დგომასთან ერთად.
ის, რომ საღვთო ისტორია იცით, ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან უნდა განიცდიდეთ კიდეც იმას, რასაც აკეთებთ!
ეს საქმიანობა თქვენ, როგორც პიროვნებებს, წარგადგენთ სხვათა წინაშე. თუ საქართველოში თქვენ თქვენი ოჯახის დესპანები ხართ, საქართველოს ფარგლებს გარეთ თქვენ ხართ დესპანები თქვენი ერისა და ქვეყნის!
თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის შესახებ ობიექტური ინფორმაციის გამტანი და მთქმელი!
ასეთები იყავით მუდამ!
მე მიხარია და მადლობელი ვარ ამის გამო!
ღმერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ!