საბაკალავრო ნაშრომების დაცვა -მეორე დღე

 
24 ივნისს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო არქიტექტურის(ხუროთმოძღვრება), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომები დაიცვეს ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის მიმართულების სტუდენტებმა.  ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ: აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი(მახარაძე), თსას-ის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, პრორექტორი სასწავლო და ადმინისტრაციულ დარგში, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, ფაკულტეტის დეკანი, დეკანოზი იოსებ ვანიძე, საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო  ვარდოსანიძე, რექტორის აპარატის  ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელდარ ბუბულაშვილი, კანონიკური სამართლის კათედრის გამგე, მღვდელი ლონგინოზ სუარიშვილი, ფაკულტეტის სულიერი მოძღვარი, მღვდელი ნიკოლოზ სხულუხია,  პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის მიმართულების სტუდენტები - თამაზ ბიჭიკაშვილი, ნინო სულაქველიძე და თათია ხუფენია - კომისიის წინაშე წარსდგნენ  როგორც ერთობლივი, ისე ინდივიდუალური ნამუშევრებით.  სტუდენტების მიერ ერთობლივად შესრულებული ნამუშევრის სათაური იყო ,,მირქმის მონუმენტური მხატვრობა“. ხელმძღვანელები - ზაზა სუმბაძე, მიხეილ ბერიძე. 
სტუდენტთა შთაგონების წყარო გახდა სინას მთის მე-12 საუკუნის მინიატურული ხატი, ასევე, ატენის სიონის ფრესკა, რომლებზეც გამოსახულია მირქმის სცენა -  ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყრმა მაცხოვრით ხელში, მართალი იოსები, სვიმეონ მიმრქმელი და ანა წინასწარმეტყველი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ყრმა მაცხოვრისა  და ანა წინასწარმეტყველის გამოსახულებანი   შეასრულა თამაზ ბიჭიკაშვილმა, მართალი იოსების ფიგურა ეკუთვნის თათია ხუფენიას, ხოლო სვიმეონ მიმრქმელისა - ნინო სულაქველიძეს. საბაკალავრო ნაშრომის მეორე მოთხოვნის მიხედვით  სტუდენტებს  ნამუშევარი რამდენიმე ადგილას მექანიკურად უნდა დაეზიანებინათ, შემდეგ კი,  აღედგენა-კონსერვაციის გზით , პირველადი სახე დაებრუნებინათ. ეს მოთხოვნაც ჩინებულად შეასრულეს დიპლომანტებმა და კომისიის წევრთა მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
დიპლომანტებმა საბაკალავრო ნაშრომის მეორე დავალებას -ასურელ მამათა თემაზე  შეექმნათ დაზგური ხატწერის ნიმუშები - წარჩინებით გაართვეს თავი.  დაზგური ხატწერის ნიმუშია  ის ნაწარმოები,  რომელიც არსებობს სხვა ობიექტისაგან დამოუკიდებლად, ავტონომიურად და სრულდება მოძრავ ზედაპირზე(ხის დაფა ან სხვა მოძრავი საფუძველი).    თამაზ ბიჭიკაშვილმა შეასრულა წმ. იოსებ ალავერდელის ხატი, თათია ხუფენიამ - წმ.ისე წილკნელის, ხოლო ნინო სულაქველიძემ -წმ. დავით გარეჯელის. ხატები შესრულებულია ანანურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში არსებული ასურელ მამათა  წელზევითა გამოსახულებების(მე-17 ს.) მიხედვით,  მე-12 -მე-13 საუკუნეების ტექნიკითა და მანერით.  დიპლომანტთა მიერ შესრულებულმა ამ სამუშაომაც  კომისიის წევრთა  მოწონება დაიმსახურა. 
საბაკალავრო ნაშრომები დაიცვეს ხატწერის მიმართულების სტუდენტებმაც - ელისაბედ ხელაძემ, ხატია ტყებუჩავამ, ნიკოლოზ ლომიტაშვილმა და მარიამ ღონღაძემ.  ჯგუფის ხელმძღვანელი  - ლაშა ვანიძე.  საბაკალავრო ნაშრომის თემა იყო -მახარებლები. ხატია ტყებუჩავამ დაწერა წმ.მათე მახარებლის ხატი, ელისაბედ ხელაძემ - წმ. იოანე ღვთისმეტყველის, ნიკოლოზ  ლომიტაშვილმა - წმ. მოციქულისა და მახარებლის ლუკასი, ხოლო მარიამ ღონღაძემ -წმ. მარკოზ მახარებლის. ხატებზე მუშაობისას სტუდენტებმა გამოიყენეს სინას მთის მე-11 -მე-12  საუკუნეების მინიატურები, ასევე,  შეისწავლეს გელათის ოთხთავისა და ათონის მთის მინიატურებიც.  სტუდენტებისთვის  მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენდა  შარავანდის მოოქროების პროცესი, რასაც, პროფესიონალთა შეფასებით,  კარგად გაართვეს თავი. 
ჩვენი მიზანია, მუშაობის პროცესში ტექნიკური უნარ-ჩვევები გამოვუმუშაოთ სტუდენტებს და შევუნარჩუნოთ შემოქმედებითი მუხტი, პიროვნულ-ინდივიდუალური მახასიათებელი, -  აღნიშნა  პედაგოგმა ლაშა ვანიძემ.
დიპლომანტებს გზა დაულოცეს, შემდგომი წარმატებები უსურვეს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე  დავითმა და თსას-ის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. 
 
26.06.2022

FaceBook გვერდი